კანჯის მიხედვით, ისინი არიან ნაწილობრივ მიწისა და ნაწილობრივ სულისა, სადღაც ცხოველსა და ადამიანს შორის.   მიუხედავად სტილისა და ფორმებისა მრავალფეროვნებისა, ისინი წარმოადგენენ ერთ ფენომენს, რომელსაც მეიჯის ეპოქის არქეოლოგებმა 1882 წელს პირველად მისცეს სახელი- დოგუ.
  
ცნობილი იაპონელი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი – იასუნარი კავაბატა აღწერს თავის ესეში გულის ფორმის მქონე თიხის ფიგურას თავის საწერ მაგიდაზე, თუ როგორ იჯდა მის პირდაპირ წერის მომენტში, როგორც ცოცხალი არსება  და თითქოს ელაპარაკებოდა.  ცნობილ ანთროპოლოგს, ჯეიმზ ფრეიზერსაც აკვირვებდა  ეს პატარა, საიდუმლოებით მოცული კერამიკული ფიგურები.


     დოგუ არის ჰუმანოიდური თიხის ფიგურა, სხვადასხვა ზომისა და ფორმის მქონე, მიეკუთვნება ჯომონის პერიოდს ( ქრ. შ-მდე 1400-400 წ.წ.)  უამრავი დოგუ იქნა აღმოჩენილი ჰოკაიდოს, ტოჰოკუს, კანტოს და ჩუბუს რეგიონებში. მაგ: სოფელ სანაი მარუიამაში აღმოჩენილია 1, 500 მდე ფიგურა, ხოლო დაახლოებით 4, 000 ფიგურა ნაპოვნი იქნა ტოჰოკუს რეგიონში. მთლიანად მათი რაოდენობა 15, 000 მდეა. 

     
    ისინი ხშირად წარმოადგენენ ფეხმძიმე ქალს, დიდი მუცლით,  ასეთ ფიგურებს უწოდებენ ჯომონის ვენერას, მსგავსი კერამიკული ფიგურები დიდი რაოდენობით იქნა აღმოჩენილი იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში,  კიუშუზე,  განსაკუთრებით ვულკან ასოს ზედა კრატერზე. ყველაზე ადრეული ფიგურა მიეკუთვნება ჯომონის დასაწყისს, მას აქვს მრგვალი მკერდი,რაც მიუთითებს, რომ ფიგურა ქალისაა. მცირე რაოდენობის  მიეკუთვნება ჯომონის ადრეულ პერიოდს, მათთვის ძირითადად დამახასიათებელია გამოკვეთილი და მრუდხაზოვანი ნაკვთები და თანამედროვე აბსტრაქტული ფორმები. უამრავი ფიგურა მიეკუთვნება ჯომონის შუა პერიოდს, მაგრამ უმეტესობა გვიან პერიოდს, უკვე განსხვავებული ფორმებითა და მრავლფეროვანი გამოსახულებებით.



 „ტანაბანაკეს დოგუ“
2500–1500

ეს ფეხმძიმე, შიშველი ქალის გამოსახულება ატარებს ოსტატურად დამუშავებულ თავსაბურავს. მისი ფორმა ემთხვევა სხვა ხალხთა გამოსახულებებს ნაყოფიერების ქალღმერთისა.

    იაპონელთა არქეოლოგთა ნაწილს სჯერა, რომ ფეხმძიმე ფიგურები წარმოადგენდნენ მიწის ქალღმერთს ან ღვთაებას, ამ თეორიას ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ბოლო წლებში გაბათილდა, რადგან თურქეთში კატალჰოუკის აღმოჩენამ ცხადყო, რომ მსგავსი კერამიკული ფიგურები მხოლოდ თოჯინებს წარმოადგენენ.  თუმცა,  შესაძლოა, რომ ამ ფიგურებს ჰქონდათ, როგორც ყოველდღიური დანიშნულება, ასევე რიტუალური.

ასევე ფიქრობენ, რომ ფიგურები იყო ქალის გამოსახულებით, რადგან ისინი იქმნებოდა მათ მიერ. ამასთანავე, სწორედ ქალია რეპროდუქციისა და სიცოცხლის რეგენერაციის სიმბოლო. 


ისინი ასევე გამოიყენებოდა ბავშვის მშვიდობიანად დაბადების, მისთვის ავადმყოფობებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. ჯომონის პერიოდის კერამიკულ ფიგურათა დიდი ნაწილი არ გამოიყურება ნამდვილი ადამიანის მსგავსად, მათ არ აქვთ ნატურლისტური გამოსახულებები და სახის ნაკვთები, თუმცა აქვთ მკვეთრად გამოხატული ექსპრესიული ფორმები, დიდი სახეები, ვიწრო მხრები, მოკლე კიდურები,  და კომპაქტური სხულები. 

    ზოგიერთი გვიანი პერიოდის ფიგურა ჰგავს ადამიანს მუქი სათვალეებითა და სკაფანდრებით, ამან გამოიწვია თეორიები, რომ ჯომონის ხალხი გამოსახავდნენ უძველეს კოსმონავტებსა და უცხოპლანეტელებს, მითუმეტეს რომ ფაქტურა ძალიან ჰგავს მეტალისას, ხოლო ჩაცმულობა თანამედროვე მოწყობილობებსა და აღჭურვილობას.  სწორედ ამიტომ, დოგუს ფიგურები  ინტერესს იწვევს არა მხოლოდ სამეცნიერო წრეებში, არამედ ოკულტიზმით, ასტროლოგიითა და პარანორმალური მოვლენებით გატაცებული ადამიანებისთვის
უამრავი თეორიის, ჰიპოთეზისა თუ ვარაუდის მიუხედავად, დოგუს ფიგურები უპირველეს ყოვლისა ხელოვნების  ნიმუშებს წარმოადგენენ.


დატოვე კომენტარი