Zena Assi ახალგაზრდა ლიბანელი მხატვარია, დღემდე ცხოვრობს და მოღვაწეობს ( არ მიყვარს ეს სიტყვა) ბეირუთში. სამხატვრო აკადემია წარჩინებით (არც ეს მიყვარს) დაამთავრა. მისი პორტრეტები  ერთდროულად მოგაგონებთ გუსტავ კლიმტსა და ეგონ შილეს. მიუხედავად ტექნიკის აშკარა გავლენისა (რასაც მივესალმები), მან შეძლო გაერთიანებინა ეს ორი ავსტრიელი მხატვარი და დაემატებინა თავისი პირადი გამოცდილება, იდეა და კვლევის საგანი და ამით შეენარჩუნა ინდივიდუალიზმი. 

   
   ზენას ევროპასა და ამერიკაში ცოტა თუ იცნობს, მეც შემთხვევით აღმოვაჩინე და     პირველი, რაც მის ნახატებში მომხიბლა, ესაა დიდი ქალაქის, ამ შემთხვევაში ბეირუთის მისეული აღქმა, რაც მე, და ალბათ თქვენც, თბილისსაც გაგახსენებთ. 
   თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში გავიზარდე და ბავშვობიდან აწოწილ კორპუსებს ვუყურებ, რომლებიც ჩემს მეხსიერებაში ერთ დიდ ცოცხალ ორგანიზმად გადაიქცნენ და თითქოს შთანთქეს მასში მცხოვრებლები. ჩემი სახლის ყველა ფანჯრიდან კორპუსები ჩანდა, და მაშინაც კი როცა ღამე, ანთებული სინათლეების მეშვეობით, ამ კორპუსების ფანჯრებიდან ადამიანთა სილუეტები გაიელვებდნენ, მაინც ეჭვი მეპარებოდა მათ არსებობაში, თუმცა, მახსოვს ბავშვობის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი, ელექტროგადამცემი ბოძები, რომლებიც ფეხს იდგამდნენ და ჩემკენ მოდიოდნენ. 

   
   ზენას შემოქმედებაშიც ეს დავინახე, თუ როგორ ჩაკარგა ურბანულმა ცხოვრებამ ჩვეულებრივი ლიბანელები, და უფრო მეტიც, როგორ აისახა ომი მათ ფსიქიკაზე. ამან წარმოშვა ერთგვარი შიში, შესაბამისად, მის გამოფენას ერქვა “Cityphilia”. ზენა იკვლევს ურთიერთობებს ადამიანთა და მათ ქალაქს შორის, და იმას, რასაც ხედავს და გრძნობს, გამოსახავს შერეული ტექნიკით.  მისთვის ეს ყოველივე “მოგონებების კოლექციაა”.  მიუხედავად იმისა, რომ ბეირუთელები მის ნახატებში ერთმანეთს უამრავი სატელოფონო ხაზებით, სარეცხის თოკებითა და თუნდაც ერთმანეთზე მიწყობილი კორპუსებით უახლოვდებიან, ისინი მაინც მელანქოლიურ, მარტოსულ და საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანებად რჩებიან, რომლებისთვისაც თითქოს ერთ მთლიანობად ქცეული დედაქალაქი დანაწევრებულია, და არა მხოლოდ  ეთნიკური, ან რელიგიური მრწამსის მიხედვით.

    

ერთი კომენტარი: “"Cityphilia" ბეირუთი+თბილისი”

  1. ძალიან მაგარია, ვგიჟდები ურბანულ მხატვრებზე <3 და აქამდე არ ვიცოდი ეს მხატვარი
    მადლობა დიდი :*

დატოვე კომენტარი