1926-2003
სხეული
ყველაფერი იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. წვრილმანებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. არ მახსოვს, მარტო ვიყავი, თუ არა, არც ის მახსოვს, რა ერქვა ჩემ ცოლს, ან მყავდა თუ არა საერთოდ. უკანასკნელი, რაც შემომრჩა მეხსიერებაში, ესაა ფანჯარა, ფანჯრის რაფაზე საფერფლე (ალბათ ვეწეოდი), და ფანჯრის მიღმა უსახური კორპუსი. გაინტერესებთ, დამწყდა თუ არა გული რამეზე, ჩამიარა თუ არა სიცოცხლემ კინოფირის კადრებივით, ან ვიხილე თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლე? არა, სისულელეა ეგ ყველაფერი.
მე მხოლოდ სიმშვიდე ვიგრძენი და სიცარიელე, როგორ აგიხსნათ. არეული ოთახიდან გამოსვლას ჰგავდა, ოღონდ ოთახი მე ვიყავი.
სხეული და სული
არ ვიცი, რამ წამომიარა, იმ დილით ფანჯარა გამოვაღე და ძველი გაზეთები გადავისროლე. არ გადამიხედავს, მაგრამ ვიგრძენი, როგორ ამომხედეს გამვლელებმა ქვემოდან, თითქოს მათი განრისხებული მზერა ჰაერში ოთხმოცდაათი გრადუსით გადაიხარა, ფანჯრიდან ოთახში შემოიჭრა და კისერში მოსახრჩობად მეცა. ხმამაღლა გამლანძღეს, მერე გაზეთები კუთხეში მიყარეს, დაუსწრებლად ლექციაც წამიკითხეს მოქალაქეობრივ კულტურაზე. მშვიდად ვიქნებოდი, ეს ყველაფერი წინა კორპუსიდან ერთ ფაშფაშა ქალს რომ არ დაენახა, სარეცხის თოკებზე იყო გადაკიდული და ბავშვის ნახევრად გარეცხილ საფენებს ჰფენდა. თავი გააქნია სინანულის ნიშნად და როდის ჩაძაღლდები, დაქნეულო ბებეროო, მომაძახა. ამ დროს კარზე მომიბრახუნეს, კიბეზე ჩარბენის ხმაც გავიგონე, ისევ ის უზრდელი, ცხვირმოუხოცავი ღლაპი იქნებოდა. ამასთან ერთად დიდი ბოღმიანი ვინმე იყო. ახალი გადმოსულები იყვნენ, მისმა დედიკომ ახალ მეზობელზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, უგემური სოკოს წვნიანი რომ გამოატა ჩემთან, კარი გავუღე თუ არა, ჩემს წიგნებს მოჰკრა თვალი და მათხოვეთო, მთხოვა. უარი ვუთხარი და კარი მივუხურე. მას შემდეგ სულ ასე იქცეოდა. თავიდან მაღიზიანებდა, მერე პირიქით, შევეჩვიე კიდეც.
საღამოს ჩემი წიგნები ყუთებით გავზიდე უკანა ეზოში და დავწვი. შექსპირი, გოეთე, ბაირონი, ბალზაკი, ვოლტერი, რუსო, თეკერეი, პო, ფოლკნერი, ჰესე…
მოკლედ კლასიკოსებს, რომანტიკოსებს, რეალისტებს, მოდერნისტებს, ყველას ერთად მასიური კრემაცია მოვუწყვე. მთელი ცხოვრება თავიანთი გავლენის ქვეშ მიქცევდნენ, მაიძულებდნენ სათითაოდ მეძებნა ბუკინისტებთან მიწისქვეშა გადასასვლელებში, წიგნის მაღაზიებში ქალაქის ცენტრში, თუ კერძო კოლექციებში გაკოტრებულ ოჯახებში. უკანასკნელი დანაზოგი გადამეხადა მათში, მერე აღტაცებულს გულშიჩაკრული შინ წამეღო და ცარიელ, ცივ სახლში, თაროებზე მიმეჩინა ადგილი კმაყოფილებით აღსავსეს. თქვენ ვერ გაიგებთ, ბოლოს მივხვდი, რომ ჩემთვისაც აღარ იყო ადგილი საკუთარ სახლში, არათუ სხვებისთვის. ყველას სათითაოდ სამაგიერო მივუზღვე, მათი ფერფლი ქარს მიჰქონდა უკვე, რომ მივაძახე, ჯოჯოხეთში შევხვდებით–მეთქი.
მოკლედ კლასიკოსებს, რომანტიკოსებს, რეალისტებს, მოდერნისტებს, ყველას ერთად მასიური კრემაცია მოვუწყვე. მთელი ცხოვრება თავიანთი გავლენის ქვეშ მიქცევდნენ, მაიძულებდნენ სათითაოდ მეძებნა ბუკინისტებთან მიწისქვეშა გადასასვლელებში, წიგნის მაღაზიებში ქალაქის ცენტრში, თუ კერძო კოლექციებში გაკოტრებულ ოჯახებში. უკანასკნელი დანაზოგი გადამეხადა მათში, მერე აღტაცებულს გულშიჩაკრული შინ წამეღო და ცარიელ, ცივ სახლში, თაროებზე მიმეჩინა ადგილი კმაყოფილებით აღსავსეს. თქვენ ვერ გაიგებთ, ბოლოს მივხვდი, რომ ჩემთვისაც აღარ იყო ადგილი საკუთარ სახლში, არათუ სხვებისთვის. ყველას სათითაოდ სამაგიერო მივუზღვე, მათი ფერფლი ქარს მიჰქონდა უკვე, რომ მივაძახე, ჯოჯოხეთში შევხვდებით–მეთქი.
დიდხანს არ დააყოვნეს, იმავე ღამეს მესიზმრნენ, ძველბერძენი კლასიკოსებიდან დაწყებული პოსტმოდერნისტ ინტელექტუალებით დამთავრებული, ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ, თვალებზე ხელები ჰქონდათ აფარებული და ქვითინებდნენ. იქვე მობუზული ხე იდგა, შესთხოვდნენ, ნაყოფი მოისხიო, უცბად ხის ერთი ტოტი აელვარდა, ყვითელი სინათლე ცეცხლად გადაიქცა, ჯერ ხე დაიწვა, ცეცხლი არე-მარეს მოედო და გადაბუგა. მე კვამლში გახვეული ვიდექი, ჩემგან ზურგშექცევით ორი საშუალო სიმაღლის კაცი იდგა. რაღაცაზე ფრანგულად ბჭობდნენ და თან იცინოდნენ. მეგონა, მე დამცინოდნენ, ის ის იყო უნდა მივსულიყავი, რომ ჩემთან მაიმუნი მოიჭრა, ხელი ჩამჭიდა და გასასვლელისკენ გამათრია, მერე შეჩერდა, ლათინურად რაღაც გადმომილაპარაკა და ხელი მკრა.
შეშინებულს გამომეღვიძა. შუაღამე იყო. მართლა არ მახსოვს, მყავდა თუ არა ცოლი, მაგრამ გვერდით ვიღაც იწვა. მე საკუთარ თავს გადავეხვიე და დიდხანს, დიდხანს ვამშვიდებდი, სანამ ორივეს ისევ არ ჩაგვეძინა.
სული
დილით კარზე ბრახუნმა და კიბეზე ჩარბენის ხმამ გამომაღვიძა. მე წამოვჯექი, ის ისევ იწვა, შეშინებული თვალებით გაჰყურებდა ფანჯრის მიღმა სამყაროს. მივხვდი, სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს. მის მოკვლას ვაპირებდი. ის კიდევ სულ მარწმუნებდა, 77 წლის ასაკში თვითმკვლელობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ძვირფასი და იშვიათი წიგნების დაწვაო, იქნებ ფიქრობთ რომ ბებერ წუწურაქს სიცოცხლე უყვარდა, ან უარესი, სიკვდილის ეშინოდა? მე კი უბრალოდ მიზეზს ვეძებდი, და სულერთი იყო, რა იქნებოდა, მთელი კაცობრიობის სიძულვილი ჩემს მიმართ თუ დაცინვა. მთავარი იყო ეგრძნოთ გარშემომყოფებს ჩემი არსებობაც და არარსებობაც.
რა თქმა უნდა, იგრძნეს კიდეც, როცა ლეშის სუნმა შეაწუხათ. კარი იმ ბიჭმა შეანგრია, გამოცდილება და მიზეზი რომ ჰქონდა, და პირველი, რაც თვალში ეცა, ცარიელი თაროები იყო.
ამიერიდან იმედგაცრუებული, თუმცა თავისუფალი ვიყავი. საინტერესო მეგობრებიც კი შევიძინე. ქალაქის ქუჩებში დავხეტიალობთ ხოლმე და ლამაზ ქალბატონებს აბაზანაში ვუთვალთვალებთ. ამასწინათ ალბერმა მკვდარ ვირთხაზე მიმითითა და მითხრა, მალე ამ წყეულ ქალაქს შავი ჭირი მოედებაო. პოლმა, აბსურდია, მითუმეტეს რომ ჩვენ მკვდრებს, ცოცხლების პრობლემები არ გვეხებაო.
ჰოდა, თქვენც მოგვეშვით, მხოლოდ ორ რჩევას მოგცემთ. ლათინური ისწავლეთ, გამოგადგებათ, ვინ იცის, იქნებ თქვენც მოგაკითხოთ სიზმარში ამ ენაზე მოსაუბრე მაიმუნმა და გაიგოთ, რასაც გეტყვით, თორემ პასუხგაუცემელი კითხვები ადამიანებს სიკვდილის მერეც არ ასვენებენ და მეორე, თუკი თვითმკვლელობას გადაწყვეტთ, და თან ღრმა სიბერეში, დაუყოვნებლივ აღასრულეთ და მეორე დღემდე ნუ გადადებთ.
ახლა კი მშვიდობით, გპირდებით, აუცილებლად შევხვდებით ჯოჯოხეთში.
19 იანვარი
დატოვე კომენტარი