Image

მარტოობა, შიში, სასოწარკვეთილება, ეჭვი, უსუსურობა – ქენძაბურო ოეს პერსონაჟებს ამ განცდებთან ერთად ომისშემდგოინდელი სულიერი კრიზისი, და ერთგვარი გაორებულობა სტანჯავთ.

აღუ–ზეციური ზმანება ჩემთვის ტრაგედიაა, თუმცა არა ამ ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობით და გაგებით. ტრაგედიაა, რომელიც ჩუმად და მსუბუქად ვითარდება, და არა სენტიმენტალური და პათეტიკური ემოციების ფონზე.

ტრაგედიაა პირველ რიგში მამისა, რომელიც უარს ამბობს „მცენარესავით უგუნურ შვილზე“ და კლავს. ამ აქტით ისიც კვდება, გადადის მოჩვენებების სამყაროში, უარს ამბობს თავის წარმატებულ კარიერაზე, საყვარელ ქალზე, უარს ამბობს თავის პირად მოგონებებზე, როგორც უარი თქვა შვილისაზე. გაურბის ამქვეყნად რაიმე კვალის დატოვებას, ჭირვეულად მოითხოვს ახალდაგებულ ასფალტზე წაშალონ თავისი შემთხვევითი ნაფეხურები, ყოველდღე გადის ქუჩაში და შესცქრის ცას, ელის, როდის ესტუმრება მისი შვილის უზარმაზარი მოჩვენება.

მკითხველი ვერ გებულობს, შეურაცხადია ის თუ მართლა არსებობს ბავშვის მოჩვენება, ხოლო მთხრობელი, ახალგაზრდა სტუდენტი თავიდანვე გიჟად გამოაცხადებს. ეს უკანასკნელი მზადაა, თანხის სანაცვლოდ აიტანოს პატრონის ახირებები, მაგრამ ბოლოს ისიც თანამონაწილე ხდება ამ ურთიერთობისა, იმიერისა და ამიერის საზღვარზე. თავიდან ის ბრმაა, შეიძლება იმიტომ, რომ მის კუთვნილ ცაზე მხოლოდ კატის მოჩვენება დაფრინავს, რადგან არავინ და არაფერი დაუკარგავს და არაფერი უნანია, მხოლოდ შიში გაუშიშვლებს სულს, როცა მისი მოჩვენებითი სიძლიერე ქრება და ამით გაუთანაბრდება თავის პატრონს.

თვალები მხოლოდ მაშინ ეხილება და წამით ხედავს აღუს, როცა ბავშვები ქვებს უშენენ სახეში და აბრმავებენ ცალი თვალით. სანახევროდ სიბრმავეც ალბათ სიმბოლოა ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ თავიანთი სამყაროს აღქმის უნარი აქვთ.

ავი ძაღლების გამოდევნა და სასტიკი ბავშვები ხშირად მეორდება ოეს მოთხრობებში. ალბათ როგორც მასის ძლიერებისა და უგუნურობის სიმბოლო.

ატომის საუკუნის სული–მფარველი ატომური დაბომბვის შემდგომ პერიოდში, გმირისა და ანტიგმირის, სიკეთისა და ანგარების ცნებების დაპირისპირებას და შედარებას ახდენს, ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს და არც უარყოფს. მაგალითად, კაცი, რომელიც დაბომბვის დროს დაობლებულ ათ ბავშვს იშვილებს და შეიფერებს კეთილი გმირია, მაგრამ როცა თითოეული მათგანის სიცოცხლეს სამ მილიონ იენად დააზღვევს, მისი ჰუმანურობა ეჭვქვეშ დგება. პირველ რიგში მათთვის, ვინც პირველმა შეასხა ხოტბა.
ვინ არის ის, გმირი თუ ანტიგმირი, გაქექილი ავანტიურისტი თუ მფარველი სული, ერთი მხრივ დაღუპული ბავშვების დაზღვევის თანხას ცოცხლად დარჩენილებს ახმარს, თუმცა აღაფრთოვანებს იდეა, ამავე ფულით პოლიტიკაში წასვლაზე.

ეს მოთხრობა საინტერესოა გმირად, პატრიოტად, მესიად გახდომისა და სხვა აღმატებული იარლიყების მიკერების გზებით, ეპოქა, რომელიც კრიტიკულ მომენტებში ითხოვს ასეთს, ღებულობს მას, და უმეტესად ყალბს, მედიის მიერ კარგად შეფუთულს. რეალურად, ისევე მარტივად ხდება მისი უარყოფა, როგორც ერთ დროს საყოველთაო აღიარება და თაყვანისცემა.
თუმცა მთავარი მაინც პროდუქტია, რომელსაც ის შობს.

ბავშვები, მათი დაღუპული მეგობრების თანხით აშენებულ სპორტულ დარბაზში ვარჯიშობენ და კაჟდებიან, თუმცა სიკვდილის მოლოდინი მაინც აქვთ, რადგან იციან, რომ არ აქვს მნიშვნელობა გამხდარი და უსუსური ხარ, თუ ძლიერი, ავადმყოფობა ყველას ერთნაირად უღებს ბოლოს.
საბოლოოდ, ისინი მადლობელნი არიან მათი გადამრჩენელი მამობილის, მკითხველი უკვე თანახმა, აღიაროს მისი ჰუმანურობა, თუმცა იმის გაგება, რომ ბავშვებმაც დააზღვიეს მამობილის სიცოცხლეს, ისევ თავიდან წარმოშობს კითხვას, შეიძლება კი მიღებულ იქნას აზრი, რომ ვინმეს სიკვდილში იყოს მოტივაცია და ფინანსური დაინტერესება, და ამავე დროს ემყარებოდეს სიკეთესა და ჰუმანურობას?!

დატოვე კომენტარი