თანამედროვე ადამიანს აღარ ახსოვს, როგორ სწირავდნენ მისი შორეული წინაპრები მსხვერპლს ბუნების ძალებს, რათა ისინი ყოფილიყვნენ მათდამი გულუხვნი და მოწყალენი, არც ის, თუ როგორ ჩაანაცვლა პრიმიტიული, მაგიური რიტუალები რელიგიურმა ან ანიმისტური წარმოდგენები ცრუმორწმუნეობამ, მაგრამ როგორც კი მოხვდება ცივილიზაციისგან მოწყვეტილ პირველადი სახით შენარჩუნებულ ველურ ბუნებაში, იპყრობს ერთგვარი შიში და თავს ისევ გრძნობს დაუცველ, უსუსურ არსებად, ასევე ძლიერ კავშირს მას და გარემომცველ სამყაროს შორის.
ათასწლეულები დასჭირდა იმ ტექნიკური პროგრესის მიღწევას, რამაც ადამიანს ბუნებაზე გაბატონების შესაძლებლობა მისცა, მანაც ყოველივე იმას, რასაც ეთაყვანებოდა, პირადი კომფორტი და ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესება ანაცვალა.
მაგრამ მიაღწია კი მიზანს?!
წარმოვიდგინოთ, რაღაც ძალებით, ჩვენს საუკუნეში რომ აღმოჩენილიყო, პირველყოფილი თუ არა, შუა საუკუნეებში მცხოვრები ადამიანი, თუნდაც თავის წრეში ყველაზე გონებრივად განვითარებული და პროგრესირებული, როგორ დააბნევდა იმ ათასობით წვრილმანი ნივთის დანიშნულება თუ არსებობის მიზანი, რომელთა გარეშეც ჩვენ ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია.
თითქმის მთელი ჩვენი ცხოვრება მათ დასწავლასა და გამოყენებაში გადის და შეიძლება მათი არსებობა–არარსებობა ჩვენი ბედნიერების განმსაზღვრელი გახდეს. კაცობრიობამ ერთი შეხედვით გაიმარტივა ცხოვრება, მაგრამ იქნებ ესეც ილუზიაა, ისევე როგორც მის მიერ შექმნილი ალტერნატიული რეალობა, ინტერნეტისა და მედიის სახით.
თითქოს პირველყოფილებისაგან ბევრი რამ განგვასხვავებს, მაგრამ ჩვენც, მათ მსგავსად შემგროვებლურ საქმიანობას ვეწევით, ოღონდ გაცილებით ორგანიზებული ხერხებით. ვეზიდებით ყველაფერს, რაც გვჭირდება, ან გვგონია, რომ გვჭირდება… მიუხედავად იმ ნივთების სიმრავლისა, რომლებითაც ვცდილობთ ამოვავსოთ სიცარიელე ჩვენს სახლებსა თუ ოთახებში, მაინც ვგრძნობთ ნოსტალგიასა და ბუნებაში დაბრუნების სურვილს.
გამოსავლის ძიებას კი ყველა სხვადასხვა გზით მიჰყავს.
ზოგს თავად სურს შეიქმნას თავისი წილი ბუნება, სხვადასხვა მცენარეებისა თუ ცხოველების მეშვეობით, ზოგი ქალაქის ქუჩებს შორის ჩაკარგულ პატარა სკვერებსა თუ პარკებს აფარებს თავს, იმის მიუხედავად, რომ ჩიტების ჭიკჭიკს მანქანების ხმაური ახშობს, ხოლო ჰაერი ბენზინის სუნითაა გაჟღენთილი. დანარჩენი ნაწილი კი სხვა რეალობას მიმართავს და უფროსისგან მალულად, სამუშაო საათებში ვირტუალურ ფერმას უვლის.
ბუნებისგან იზოლაციამ და ერთგვარი ჩაკეტილი სივრცის შექმნამ გამოიწვია ისიც, რომ თანამედროვე ადამიანები იმუნიტეტის დაქვეითებით, ალერგიითა და სხვადასხვა ფობიებით იტანჯებიან.
დანიელ დეფოს ჩვენს ეპოქაში რომ ეცხოვრა, შეიძლება რობიზონ კრუზო სამუდამოდ დაეტოვებინა კუნძულზე და ეს მისი მხრიდან კეთილშობილურ საქციელად ჩათვლილიყო, რადგან ადამიანმა თითქმის ამოწურა დედამიწაზე არსებული დაუსახლებელ ტერიტორიათა დიდი ნაწილი, და მისი „დამპყრობლური“ მიზნები მის ფარგლებს გასცდა.
მიუხედავად ამისა, თითოეულ ჩვენგანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უჩნდება სურვილი, ბუნების წიაღში განმარტოვებისა და ინდუსტრიული საზოგადოების ცხოვრების გიჟური ტემპისაგან დროებით გათიშვის. როგორც ცნობილია, ამერიკელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა ჰენრი თორომ 1845 წელს ჩაატარა „კარგი ცხოვრების“ ექსპერიმენტი, ცხოვრობდა საკუთარი ხელით აგებულ ქოხში უოლდენის ტყეში, ხელი აიღო მატერიალურ კეთილდღეობაზე და უარი თქვა დამორჩილებოდა სახელმწიფოს წესებს და გადაეხადა გადასახადები, რითაც მოახდინა თავისი პიროვნული დამოუკიდებლობის დემონსტირება, რის გამოც დააპატიმრეს და ორი წლის შემდეგ იძულებული გახდა დაბრუნებოდა ცივილიზებულ სამყაროს.
მხოლოდ ველურ ბუნებაში მოხვედრილმა შეიძლება გააცნობიერო სინამდვილე წმინდა სახით, იმ „სპამებისა“ და ათასობით გამოუყენებელი ინფორმაციების გარეშე, რომლითაც ჩვენი რეალობა, და შესაბამისად აზროვნება სავსეა, და დღითი დღე უფრო და უფრო ბინძურდება.
მხოლოდ ველურ ბუნებაშია ყველა ადამიანი თანასწორი, აღარ აქვს მნიშვნელობა სოციალურ სტატუსსა და მატერიალურ ნივთებს, იმას თუ ვის უფრო ულტრათანამედროვე მობილური აქვს, ან რომელი ცნობილი ბრენდის მოდური ტანსაცმელი აცვია.ალბათ, ზოგჯერ მაინც უნდა გამოვიდეთ ჩვენი კომფორტული სახლებიდან, სადაც უკვე გამოვკეტეთ სიცარიელე, უარი ვთქვათ ვირტუალურ რეალობაზე და დავუბრუნდეთ სინამდვილეს, ჩვენს ერთადერთ სახლს, ბუნებას, სადაც მზე დედაა ჩვენი და იმეტებს ორ რამეს, რაც გააჩნია, სითბოსა და სინათლეს.
P.S. ერთხელ ბავშვობაში, სიმაღლის შიშს ვძლიე და ჩემი ეზოს ყველაზე მაღალი ხის კენწეროზე ავძვერი. იმ დღეს, ჩემთვის სამყარო, რომელიც მანამდე მხოლოდ ჩემი ეზოთი და უბნით შემოიფარგლებოდა, განუზომლად გაიზარდა.

დატოვე კომენტარი