რომანი, რომელიც ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია და შეიძლება ითქვას „ნიღბის აღსარების“ გაგრძელებაა. სახელწოდება „kinjiki“ ჰომოსექსუალიზმის ევფემიზმია, რაც წარმოადგენს კიდეც მის ძირითად თემას.
რომანში სამი მთავარი გმირია. სუნსუკე, ცინიკოსი მოხუცი მწერალია, რომელსაც სამი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ მიზოგინია ეუფლება და აცნობიერებს რომ თავისი გარეგნული უმსგავსობის გამო, არც ერთ ქალს არ უყვარდა და მხოლოდ ფულისა თუ სახელის გამო იყვნენ მასთან. უფრო მეტიც, მისი უკანასკნელი ცოლი ახდენს ორმაგ თვითმკველობას საყვარელთან ერთად.
სუნსუკე თავშესაქცევად იწყებს ურთიერთობას თვრამეტი წლის გოგონასთან, თუმცა მალე შეიტყობს რომ ასუკოს შეუყვარდა ახალგაზრდა სტუდენტი–იუტი. ის პირადად გაიცნობს მას, თუმცა „მეტოქე“ იმდენად აღფრთოვანებს გარეგნული სილამაზით, გოგონასაც კი დაჩრდილავს. მალე იუტი გამოუტყდება რომ ჰომოსექსუალია, თუმცა ვერ ბედავს მამაკაცებთან სექსუალური კავშირის დამყარებას და ცდილობს ჩაკლას მათდამი მიდრეკილება. ის ასევე განზრახულია მიატოვოს ასუკო, მაგრამ მოხუცი დაარწმუნებს მისი ცოლად შერთვის აუცილებლობაში, ასევე აიძულებს ჩაებას თავის მიერ დაგეგმილ ავანტიურაში, იუტის მომხიბვლელობას ის გამოიყენებს შურის საძიებლად ყველა იმ ქალის მიმართ, რომელმაც წარსულში ტკივილი მიაყენა.
მისიმა ამხელს ჰომოსექსუალი მამაკაცისა და ქალის ქორწინების სიყალბესა და ფასადურობას. იუტი ორმაგ ცხოვრებას იწყებს, ის ერთვება ტოკიოს ჰომოსექსუალთა საზოგადოებაში, სარგებლობს მათი პოპულარობით და უამრავ ახალგაზრდასთან ამყარებს სექსუალურ ურთიერთობას, მაგრამ ამავე დროს ის განიცდის სიხარულს ცოლთან ყოფნით, და საბოლოოდ, როცა ყველაფერი ირკვევა, ის ამჯობინებს მასთან დარჩენას და მეოჯახე ქმრის თამაშის გაგრძელებას. ბედნიერება, რომელსაც ის ხელოვნურად იქმნის, რეალობაზე ძლიერი აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვივით გულუბრყვილო ასუკო ახერხებს ილუზიიდან გამოსვლას, ისიც აგრძელებს მზრუნველი ცოლის როლის თამაშს.
რომანის განმავლობაში იუტი ასრულებს სუნსუკეს დავალებებს და თავს აყვრებს ერთდროულად ორ ქალბატონს, კიოკოსა და ქალბატონ კაბურაგის, და ხდება ამ უკანასკნელის ქმრის, ბატონი კაბურაგის საყვარელი, მოგვიანებით კი მდიდარი ბიზნესმენის.
სუნსუკესა და იუტის აერთიანებთ ქალთმოძულეობა, თუმცა მოდიან წინააღმდეგობაშიც, რადგან მუდმივად წარმოადგენენ ორ პოლუსს, სიბერესა და ახალგაზრდობას, სიმახინჯესა და სილამაზეს, გონებას და გულს, სიკვდილსა და სიცოცხლეს.
რომანი სუნსუკეს თვითმკვლელობით სრულდება, თუმცა მანამდე ის აცნობიერებს, რომ თავის ნაშრომებსა და წიგნებზე ღირებული იუტია, რომელიც თვითონვე შექმნა. ამიტომ, სწორედ მას უტოვებს თავის ქონებას სიკვდილის შემდეგ.

დატოვე კომენტარი