Image

თავდაპირველად, “სცენები ოჯახური ცხოვრებიდან” სცენარი დაიწერა ტელევიზიისთვის და ეპიზოდების სახით გადიოდა ეთერში,  1973 წელს ბერგმანმა კინო-ვერსიად გადააკეთა.

ეთერში გასვლის შემდეგ, შვედეთში განქორწინების რიცხვმა იმატა, ბერგმანს ქუჩაში გამუდმებით აჩერებდნენ უცნობი წყვილები და ცხოვრებისეული რჩევის მიცემას თხოვდნენ, ბოლოს იძულებულიც კი გახდა სახლის ტელეფონის ნომერი შეეცვალა.

დიდი რეჟისორი სიყვარულის გურუდ მიიჩნიეს, რადგან მან აჩვენა ინტელექტუალი წყვილის, მარიანასა და იოჰანის ოჯახის რღვევა. მათ არ შეუძლიათ ერთად ცხოვრება, თუმცა ათი წლის მანძილზე ახერხებენ იდეალური ოჯახის სტატუსის შენარჩუნებას.   მარიანას თვლის, რომ მთავარი ურთიერთობაში არის ერთი და იმავე ენაზე ლაპარაკი, ცოლ-ქმარს შორის კომუნიკაცია, თუმცა მისი წარმოდგენა იმსხვრევა მაშინ, როცა  იოჰანი გამოუცხადებს რომ ჰყავს საყვარელი და აპირებს მასთან ერთად პარიზში გამგზავრებას. მარიანასთვის აუტანელია ცვლილებები და ისევ განაგრძობს მზრუნველი ცოლის როლის თამაშს, მშვიდად უთანხმებს გამგზავრების დროს და მასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაშიც ეხმარება…Image

ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივია, ორი ადამიანი ერთმანეთისთვის არ არის შექმნილი, რადგან მათ ჰქონდათ ერთად ცხოვრების გამოცდილება, ბედნიერებისა და სიხარულის გარეშე. ისინი მხოლოდ მაშინ უბრუნდებიან ერთმანეთს როცა მათ შორის ჩნდება მესამე ადამიანი, ან რაიმე დაბრკოლება, სწორედ მაშინ იწყება ფლირტი, პაემნები, საიდუმლო შეხვედრები სამსახურში, სახლში, თუ მეგობრის აგარაკზე.

იოჰანისა და მარიანას ქცევები თითქოს შეუფერებელია ადვოკატისთვის, რომელიც განქორწინებებითაა დაკავებული და წარმატებული მეცნიერისთვის…თუმცა ირკვევა რომ რაციონალისტი იოჰანის ბუნების მიღმა პოეტი იმალება, რომელიც ჩუმად ოცნებობს ლექსების გამოცემაზე, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნის, ხოლო მარიანა იხსენებს თავის თავს ბავშვობაში, ჯიუტსა და ცელქს, რომელიც მშობლებმა, სკოლამ, საზოგადოებამ აქცია დამჯერ და ბეჯით გოგონად, შესაბამისად ჩაკლა ცხოვრებით ტკობის უნარი.

Image მათ ცხოვრებაში არაფერი იყო მოულოდნელი, სპონტანური და დამაინტრიგებელი, თვეებით წინ დაგეგმილი სტუმრობები, ყოველ შაბათ-კვირას მშობლებთან სადილი, ერთი და იგივე საუბრები…

ალბათ უფრო ეს ტრადიციული სიყვარულის ისტორიის პაროდიაა, იქნებ კაპულეტებსა და მონტეგებს შორის მტრობა რომ არა, ყმაწვილ რომეოს სულაც არ დაედგა თვალი თავნება ჯულიეტაზე.  თუმცა ყოველივე ეს გაცილებით მარტივია ბერგმანისთვის, ისევე როგორც ფსიქოანალიზით ამ პრობლემების ახსნა, ამაზე მინიშნებაა მარიანას მიერ  ფსიქიატრთან დამყარებული წარუმატებელი სექსუალური ურთიერთობები.

რას ნიშნავს სიყვარული და თუ არსებობს, შეიძლება კი არსებობდეს ყოველდღიური რუტინის, ათასობით წესებსა და მოვალეობებს შორის, იქნებ მან დაკარგა აბსტრაქტული სახე და ისეთივე  მატერიალურ საკუთრებად იქცა, როგორც არის მაგალითად ბებიის დანატოვარი ძვირფასი კედლის საათი.

2 კომენტარი, ჩანაწერი: “სცენები ოჯახური ცხოვრებიდან”

  1. საინტერესო პოსტი იყო ნამდვილად !

    მადლობა.

    1. მადლობა თქვენ რომ კითხულობთ 🙂

დატოვე კომენტარი