„მარტო ამას ვიტყვი: ისმინეთ ჩემი ნაამბობი. მე ვარ პოლ ოსტერი. ეს არ არის ჩემი ნამდვილი სახელი.“
ერთი შეხედვით, ყოველი ნაწარმოები ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი რეალური სამყაროს პარალელურად არსებობს, ჩვენ ვგრძნობთ მათ მატერიალურობას, ვეხებით წიგნს, ვფურცლავთ, ვდებთ მასში სანიშნს ან ვწყვეტთ კითხვას რომელიმე პარაგრაფის შემდეგ… წიგნის სათაური, ავტორის ფსევდონიმი, წინასიტყვაობა, ეპიგრაფი, თავები და ა.შ. გვაძლევენ საშუალებას დავინახოთ ტექსტის საზღვრები, განვაცალკეოთ ნაწარმოები ავტორისაგან და ჩვენგან, მაგრამ რა ხდება მაშინ როცა ეს ყოველი კომპონენტი ერთმანეთში ირევა და ხდება ტექსტის ნაწილი. როცა ავტორი თავად არის წიგნის პერსონაჟი, როცა ორი პერსონაჟი ადგილებს ცვლის, როცა ირევა დრო, სივრცე, ცნობიერება და ჩვენ ვეღარ ვაგნებთ დასასრულს, მაგრამ სამაგიეროდ გვრჩება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა.
პოლ ოსტერის გმირები უსასრულოდ და თითქოს უაზროდ დაეხეტებიან ნიუ-იორკის ქუჩებში, ზოგიერთი დატანჯული მკითხველი თავს მათსავით გრძნობს, კითხვის პროცესი აუტანელიც კი შეიძლება გახდეს, როცა სიუჟეტი გაუგებარია, მწერლის განზარხვა ბუნდოვანი, აღქმის უნარი დაკარგული და სამყარო გაუცხოებული. ადამიანი ცხოვრობს და აზროვნებს თავისი ენით აგებულ სამყაროში, ხშირად იმეორებდა ჩემი ენათმეცნიერების ლექტორი, პოლ ოსტერის რომანის კითხვისას მივხვდი, რას ნიშნავს, როცა კარგავ ენას, კარგავ კავშირს სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ტრაგედიაა, როცა არ გყოფნის სიტყვები, მაშინ როცა სამყაროში უამრავი საგანი და განცდაა. ნიუ-იორკული ტრილოგია ეს არის რომანი, რომელიც იმდენივე კუთხით შეიძლება აღწერო, რამდენი ამბავიცაა მასში მოთხრობილი, ამბავი კი ნამდვილად ბევრია. აქ ვერ იპოვით ერთ გამოკვეთილ ხაზს, რომელსაც გაჰყვებით წიგნის დასაწყისიდან დასასრულამდე, ვერ იპოვით პასუხებს, შეიძლება იმასაც ვერ მიხვდეთ რისი თქმა სურდა ავტორს, მაგრამ ერთს კი ნამდვილად მიხვდებით, თუკი დიდხანს დიდხანს დააკვირდებით ვინმეს, ძალიან დიდხანს და დაჟინებით, შეიძლება დაგავიწყდეთ თქვენი თავი და სწორედ იმ სხვად იქცეთ. ენის დაკარგვაზე დიდი ტრაგედია ხომ საკუთარი თავის დაკარგვა, („და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-უნდა მახსოვდეს, ვინ ვარ; მახსოვდეს, ვინ უნდა ვიყო”… )
„შუშის ქალაქში“ მოყოლილი ამბებიდან ძალიან ბევრი სინამდვილეს შეეფერება. შეიძლება ამერიკის ისტორიის მცირე კურსადაც კი მივიჩნიოთ. 1620 წელს, რელიგიური თავისუფლების მაძიებელი პურიტანელთა ხომალდი „მეიფლაუერი“ ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს ერთი მიზნით მიადგა, „აღთქმული ქვეყნის“ შექმნა დედამიწაზე. პურიტანელები აღიარებდნენ ღმერთის შეუცნებლობას, მაგრამ ამავე დროს თვლიდნენ რომ მისი ნაწილობრივი აღქმა შესაძლებელია, რადგან სამყაროს შექმნა მუდმივად მიმდინარე აქტია და ადამიანიც მისი შემოქმედების ნაწილია. ადამიანმა დაკარგა ღმერთის მიერ მოცემული ინტელექტუალური ძალა პირველი ცოდვის შემდეგ, მაგრამ მიეცა ცოდნის მეორე წყარო- ბიბლია.
პიტერ სტილმენის პერსონაჟი ცდილობს დაკარგული ინტელექტუალური ძალის დაბრუნებას ენის აღდგენის გზით, ის კეტავს საკუთარ ვაჟს სიბნელეში, იმ მიზნით, რომ აღადგინოს პირველყოფილი ენა, პირველყოფილი არ მიხსენებია უბრალოდ, პირველყოფილურ მდგომარეობაში დაბრუნებაში იგულისხმება ადამიანის მიერ მოპოვებული ყოველივე ცოდნის უგულებელყოფა, ანუ ბუნებრივი მდგომარეობა ერთი მხრივ გამოქვაბულში, მეორეს მხრივ ბიბლიურ ედემში, როცა აკრძალული ხილი ჯერ კიდევ ხეზეა და ღმერთი და ადამიანი მშვიდად საუბრობენ ერთ ენაზე.
მეჩვიდმეტე საუკუნის ამერიკაში იწყება მოძრაობა „დიდი გამოღვიძება“. ჯონათან ედვარდსი „დიდ გამოღვიძებას“ ღვთაებრივ წინასწარმეტყველებას უკავშირებდა და თვლიდა რომ ამერიკის კონტინეტზე ახალმოსახლეთა დასახლება ღვთის უშუალო ნება-სურვილით მოხდა, ამისათვის ის იმოწმებდა ბიბლიიდან ადგილებს. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ამერიკელი ერის განსაკუთრებული ისტორიული მისიის არსებობისადმი რწმენა. ამ აზრს იზიარებდნენ მოგვიანებით ტრანსცენდენტალისტებიც. ოსტერზე აშკარაა ემერსონისა და თოროს გავლენა. ემერსონი ადამიანებს მოუწოდებდა მატერიალიზმისგან თავის დაღწევისა და ინდივიდუალიზმისაკენ: „ირწმუნე შენი თავის, არ იცხოვრო ისე, როგორც ამას მოითხოვს შენგან მატყუარა, ან მოტყუებული ხალხი, რომლებთანაც შენ გაქვს ურთიერთობა. უთხარი შენს თავს: დღეიდან ვეკუთვნი ჭეშმარიტებას. არ ვემორჩილები არანაირ კანონს, გარდა მარადიულისა. მე არ მინდა ვიყო შებოჭილი არანაირი აუცილებლობით.“ ასე იქცევა დევიდ თოროც, მიდის რა უოლდენის ტყეში, ასე იქცევა პოლ ოსტერის პერსონაჟი ქუინიც, იქცევა რა ჩვეულებრივ მაწანწალად ნიუ-იორკის ქუჩებში. ქუინი აკვირდება ცას, ამჩნევს უამრავ ფერს, ანსხვავებს ვარსკვლავებს, წინასწარ ხვდება ამინდის ცვლილებებს, ის ხდება ბუნების ნაწილი, ესეც ემერსონთან გვაბრუნებს. ემერსონი თვლიდა, რომ ბუნებრივი მოვლენები ქმნიან ენას და ბუნება არის მეტყველება, რომლის მეშვეობითაც მეტყველებს ღმერთი. სწორედ ბუნებასთან შერწყმით ხდება ადამიანი „ზესულის“ ნაწილი.
პოლ ოსტერს შეუძლია მკითხველი აქციოს თავისი მხატვრული სამყაროს ნაწილად, თავი აგრძნობინოს ნიუ-იორკში, ან ჩაკეტილ ოთახში მყოფ დეტექტივად, რომელიც გამუდმებით უთვალთვალებს მოპირდაპირე კორპუსში ვიღაცას, შენც დაკარგული ხარ, აჩრდილი ხარ, ორეული გყავს, რომელიც მატარებლიდან გამოსული სხვა გზით წავა, შენც ურიგდები მამას და გეშინია სიტყვების, რომლებსაც დაკარგავ, ან თეთრი ფერის, რომელიც მოულოდნელად იქცევა შავად.
რაც მთავარია,სამყაროში არსებობს უამრავი კითხვა, რომლებზეც არაა აუცილებელი მწერალმა გასცეს პასუხები, მწერლის პრეროგატივაა ისინი დასვას.
დატოვე კომენტარი