ადამიანები ხშირად ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას სამშობლოსთან, განიცდიან ქვეყნის ბედს, იზიარებენ და ცვლიან მის ისტორიას. არჩევნები, მიტინგები, სამოქალაქო ომები და რევოლუციები ამის თანმდევი პროცესია.
რომანის გმირი იბადება 1947 წლის 15 აგვისტოს, ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების ღამეს. სალემ სინაის, რომელსაც სახეზე აღებეჭდა ინდოეთის რუკა და თავისი ცხოვრება ქვეყნის ისტორიად აქცია,ვერ შეძლო თვალების დაუხამხამებლად ეცქირა სამყაროსათვის, შეიძლება მისი ამბავი არც იყოს ტრაგედია, მაგრამ როგორ შეიძლება სასიცოცხლო ძალებისგან დაცლილ, ომგამოვლილ, იდეებისგან და იმედებისგან თავისუფალ ადამიანს უწოდო ბედნიერი. ან ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ხანას უშფოთველი.
სალემ სინაი და დანარჩენი „შუაღამის შვილები“, რომლებიც იმედებივით გაჩნდნენ დამოუკიდებლობის ღამეს, ებოძათ სხვადასხვა ტალანტები. ამ იმედებს ჰქონდათ არსებობის უფლება, მაგრამ დაბადებისთანავე დევნიდნენ, სახეს უშანთავდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, და ბოლოს, რეპრესიების წყალობით, დაასაჭურისეს კიდეც, იმის შიშით, რომ ერთ დღეს შეძლებდნენ გაერთიანებას და ქვეყნის ბედის თავის ნებაზე შეცვლას.
იმედებამდე კი იყო იდეები, რომლებიც საგულდაგულოს დამალეს და მოაშორეს დღის სინათლეს. პოლიტიკური დევნილი ნადირ-ხანი, რომელიც ცხოვრებას იწყებს სალემის ბაბუის სახლის სარდაფში, ცოლად ირთავს სალემის დედას. ნადირ-ხანს ცოლი მხოლოდ ღამ-ღამოთ სტუმრობს, დღისით კი ისევ ადის მშობლებთან, პერსეფონესავით დამოგზაურობს ქვესკნელში და მის ზემოთ. ნადირ-ხანი, ისევე როგორც ბევრი დრომოჭმული იდეა, უნაყოფო და უძლური აღმოჩნდება, მისი შავტუხა მეუღლე, ორი წლის ქორწინების შემდეგ კი, კვლავ ქალწული. ნადირ-ხანი გარბის, ქალს სახელს უცვლიან და მიყვება ახალ იდეას, სალემის ბიზნესმენი მამის სახით.
სექსუალური პოტენციის თემა ხშირად შემოდის რუშდის რომანში, ეს ალბათ მინიშნებაა პოლიტიკურ უძლურებაზე და ქვეყნის სისუსტეზე. ადამიანები იცვლებიან, იცვლება ქვეყნის ისტორიაც, ძველი შენობები ინგრევიან და მათ ადგილას ახალს აგებენ, მაგრამ მთავარი მაინც საძირკველია. სალემ სინაი ორჯერ ირთავს ცოლს, პირველისგან ჰყავს შვილი, რომლის მამაც თვითონ არ არის და ვისი ბიოლოგიური მამაც ასევე შუაღამის შვილია, ის ვისი კუთვნილი ადგილიც დაიკავა სალემმა დაბადებისთანავე. შივა, სალემის ბავშვის გარდა, ტოვებს უამრავ უკანონო შვილს, რომლითაც აგრძელებს შუაღამის შვილების მემკვიდრეობას.
სალმან რუშდი საქვეყნოდ ცნობილი გახდა თავისი მეოთხე რომანით “სატანური ლექსები”. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი მუსულმანური სამყარო რუშდის მოკვლით ემუქრება, ის განაგრძობს აქტიურ ცხოვრებას.

დატოვე კომენტარი