წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც არავინ კვდება, არც ავარიაში, არც თვითმკვლელობისას, არც სიბერით.
ახლა კი წარმოიდგინეთ სიკვდილი, რომელიც ადამიანის სახეს იღებს.
სარამაგოსთვის სიკვდილი ქალია.
უცნაურია, მაგრამ სიკვდილი ჰუმანურიცაა, იმიტომ რომ კლავს(!), და ამავდროულად დახვეწილიც.
რომანის კითხვისას, რამდენიმე კითხვა უჩნდება მკითხველს:
1) თუკი სიცოცხლე ადამიანის თანდაყოლილი უფლებაა, არის თუ არა სიკვდილიც მისი უფლება.
2) რა არის მორალი? იცვლება თუ არა ის გარემოებისდა მიხედვით, და თავისი არსით, ინდივიდუალისტურია თუ კოლექტივისტური.
3) ეკლესია, მეფე, მთავრობა- სიცოცხლისკენ არიან მიმართულნი, თუ სიკვდილისკენ?
4) სიკვდილს რომ შეეძლოს არჩევანის გაკეთება, უარყოფდა თუ არა თავის ძალაუფლებას და გახდებოდა თუ არა მოკვდავი.
ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხების გაცემა მწერლის პრეროგატივა არ არის.
მკითხველი კი, ნამდვილად გადარჩება და თავად გასცემს პასუხებს, თუკი გაუძლებს მწერლის სტილს და უშველებელი წინადადებების კითხვისას სუნთქვის პროცესს სწორად წარმართავს. არ ვიცი, რას ერჩის სარამაგო მკითხველს, როცა არც დიალოგებს გამოყოფს, სასვენ-ნიშნების დასმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მისი თქმით ხომ, სიკვდილსაც კი აქვს უფლება დაისვენოს და მშვიდად აკეთოს თავისი საქმე.
სარამაგო 83 წლის იყო რომანი რომ დაწერა, ამ ასაკში ის უკვე აღიარებული, ნობელის პრემიით ხელდამშვენებული, თავის იდეებში დარწმუნებული, ცინიკოსი და თან შეიძლება ცოტათი დაღლილიც კი ჩანს. ის მშვიდად მოელის სიკვდილისგან იისფერ ბარათს.
ალფრედ კუბინის “საუკეთესო მკურნალი” კი ერთ-ერთი უიშვიათესი ასახვაა მხატვრობაში სიკვდილის, როგორც ქალის.

დატოვე კომენტარი