Fragments_by_Binjamin_Wilkomirski_(cover).jpg1995 წელს ვინმე ბინჯამინ ვილკომირსკმა გერმანიაში გამოსცა მემუარები, სადაც აღწერდა თავის ბავშვობას მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საკონცენტრაციო ბანაკში. პატარა ებრაელი ბიჭის ამბავმა, რომელსაც ვერც კი გაერკვია რა ხდებოდა სამყაროში, რატომ დააშორეს ოჯახს, და რატომ მოკლეს დედამისი მის თვალწინ, დიდი რეზონანზი გამოიწვია. მემუარები თარგმნეს თორმეტ ენაზე, დაიმსახურა ებრაული ლიტერატურის ჯილდო, მოექცა როგორც ბეჭდური მედიის, ასევე ტელევიზიების ყურადღების ქვეშ…  მოულოდნელად გაირკვა, რომ ბენჯამინ ვილკომირსკი სულაც არ ყოფილა ებრაელი, მსგავსი თავს არაფერი გადახდენია და თავის მოგონებებში აღწერილ საკონცენტრაციო ბანაკში პოლონეთში, მხოლოდ ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა.  საინტერესო ის არის, რომ თავად ავტორს ეჭვიც არ ეპარებოდა თავისი მოგონებების ჭეშმარიტებაში, თუმცა ზოგიერთი ფაქტის გახსენება უჭირდა.  როგორც შემდეგ გაირკვა, სინამდვილეში, ის დაიბადა შვეიცარიაში, მარტოხელა დედამ მალევე მიაშვილა სხვა შვეიცარიულ ოჯახს,  ცხოვრობდა უზრუნველად, იყო პროფესიონალი კლარნეტისტი და შუა ხნის ასაკში გადაწყვიტა ფსიქოტერაპევტთან მისვლა. სწორედ მან “გაახსენა” ბავშვობის მოგონებები და უბიძგა, აღეწერა ისინი. სიმართლის გამორკვევის შემდეგ, მემუარებმა დაკარგა თავისი ისტორიული ღირებულება და მდარე ლიტერატურულ მისტიფიკაციად დარჩა ისტორიას. 

ორჰან ფამუქი - შავი წიგნილიზაბეტ ლოფტუსი, მეხსიერების სფეროში მომუშავე წამყვანი ფსიქოლოგია, რომელიც კოგნიტივისური კუთხით იკვლევს ადამიანის მახსოვრობას. მისი თქმით, ადამიანი რაც უფრო მეტი სიმძაფრით წარმოიდგენს რამეს, მით უფრო აქცევს რეალობად, ამატებს უფრო და უფრო მეტ დეტალს და შემდეგში იხსენებს, როგორც სინამდვილეში მომხდარს. შესაძლოა, ბრუნო დოსეკერმა, მოგვიანებით ცნობილმა ბინჯამინ ვილკიმორსკიმ თავის რეალურ ბავშვურ მოგონებებს, ამჯობინა ყოფილიყო უფრო დიდი ტრაგედიის ნაწილი: დედის მიერ მიტოვება, გაემართლებინა გერმანული ფაშიზმით, თავისი სხვა იდენტობით, ომით, ჰოლოკოსტით, ჩაგვრით და შემდგომში  სასწაულებრივი გადარჩენით.

თვითიდენტიკაციის თემა აქტუალურია თანამედროვე სამყაროში, შესაძლოა ყველაზე მეტადაც კი. ინფორმაციის ნაკადი, რომელიც ბოლო წლებში ამოიფრქვა  ლავასავით და მთელ სამყაროს მოედო კომპიუტერების, ლეპტოპების, სმარტფონების, ტაბებისა და უსადენო თუ ქსელურის ინტერნეტის  საშუალებებით და  ადამიანებს  ამ სამყაროში საკუთარი ექაუნთის, პიროვნების დამადასტურებელი პროფილების შექმნისაკენ უბიძგა,  გაარღვია სოციოკულტურული საზღვრები და კატეგორიები.საკუთარი ღირებულებების, ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებისთვის ისევე იბრძვიან ადამიანები, როგორც ერები და ცივილიზაციები. ხოლო რადგან სახელმწიფო, და ყოველივე ჯგუფი ადამიანთა ერთობას წარმოდგენს, ავტორი, რომელიც ჰყვება რომელიმე ერთი პიროვნების ისტორიას, ის ჰყვება უფრო დიდი ერთობის, ჯგუფის, თემის თუ ქვეყნის ისტორიას.

ორჰან ფამუქი, სალმან რუშდის მსგავსად თავისი ქვეყნის ისტორიკოსია, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული ის კულტურული პროცესები და პოლიტიკური არჩევანები, რომლებმაც ქვეყნის ისტორია განსაზღვრა და  ერის სახე ჩამოაყალიბა. ორივე მწერლის სამყარო საოცრად მრავალფეროვანია და ამავე დროს, ორივე იდევნება თავიანთ სამშობლოში.

“შავი წიგნი” 1990 წელს გამოიცა და გაუსწრო იმ ტექნოლოგიურ პროცესებს, რომელმაც თვითიდენტიფიკაციის პროცესი აქტუალური გახადა. ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელზე გამოგონილი, ან სხვა ცნობილი თუ უცნობი პირის სახელითა და გვარით რეგისტრირდება, სიმბოლურად იცვლის თავის იდენტობას. ზოგჯერ, რომელიმე გოგონას უბრალოდ სურს, იყოს რომელიმე კინო-ვარსკვლავივით ლამაზი და მიმზიდველი, და იყენებს მის ფოტოს პირად ფოტოდ,  მოუწოდებს რა საზოგადოებას აღიქვას ის ასეთად. საკუთარი ტყავიდან გამოძრომისა და სხვა პიროვნებად ქცევის დაუძლეველი სურვილი, ფამუქთან კინოს შემოსვლით იწყება თურქეთში, როდესაც ადგილობრივი გოგონები ბაძავენ უცხოელ ვარსკვლავებს, არამხოლოდ ჩაცმულობითა და მაკიაჟით, არამედ იზეპირებენ მთელ სცენარებს და ცხოვრებაში ათამაშებენ, ახალგაზრდები, რომლებიც “დაბრმავებამდე” დადიან კინოში და უყურებენ საოცარ სამყაროს, რომლის ნაწილადაც სურთ ქცევა.

შეიძლება ითქვას, თანამედროვე სამყაროში, “წმინდა გრაალის” ძიების პროცესი ჩაანაცვლა საკუთარი თავის, იდენტობის ძიებამ. ეს თემა თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაშიც მძაფრად არის წამოჭრილი, პოლ ოსტერის რომანის გმირები, განუწყვეტლივ დადიან ნიუ-იორკის, ფამუქის პერსონაჟები კი სტამბოლის ქუჩებში. პოლ ოსტერის “ნიუ-იორკულ ტრილოგიაში” ერთ-ერთი პერსონაჟი ისე დაჟინებით აკვირდება მეორეს, დასდევს და გამუდმებით ფიქრობს მასზე, რომ საბოლოოდ იმ “სხვად” იქცევა.  “შავი წიგნის” მთავარი გმირი, ადვოკატი გალიფი იწყებს თავისი ცოლისა და თავისი ჟურნალისტი ბიძაშვილის ძებნას. ისინი მოულოდნელად გაქრებიან მისი ცხოვრებიდან. გალიფი, იძიებს თავისი ბიძაშვილის, ჯელალის ყოველ სტატიას, ერკვევა თითოეულ მის ისტორიასა თუ ინტერესის სფეროში, ცხოვრობს მის ბინაში, და საბოლოოდ დაკარგავს კიდეც  ზღვარს საკუთარ და მის პიროვნებას შორის.

ფამუქის აზრით, ათათურქის რეფორმებმა და დასავლეთის ნიმუშად ქცევამ, შეარყია ერის ეთნო-ფსიქოლოგიური ხატი, მიმბაძველობამ, ევროპელად ქცევის სურვილმა თურქ ერს დაუკარგა ქცევისა თუ ურთიერთობის ის უნიკალური ფორმები და ცოდნა, რომლებიც მანამდე გააჩნდა. გალიფი, იგივე თურქეთია, რომელიც საბოლოოდ სარკეში იხედება და ხედავს თავის სახეს. სალმან რუშდის რომანში “შუაღამის შვილები” მთავარ გმირს სახეზე თავისი სამშობლოს რუკა გამოესახება, ხოლო გალიფს ასოები, ფამუქისთვის, მთავარი გაცნობიერებაა, რადგან მხოლოდ სარკეში ჩახედვის შემდეგ იმარჯვებს გალიფი და იბრუნებს დაკარგულ ცოდნას.. ამას წინ უძღვის საკუთარი ისტორიისა და  კულტურის შესწავლა, სინამდვილის რეალური აღქმა, შერიგება საკუთარ თავთან.

“შავ წიგნში” არის ისტორია შეჰზადეზეც, რომელსაც იმდენად ეშინოდა სხვად ქცევის, რომ ჩაიკეტა და გონებიდან ყველა სხვა ადამიანის წაშლა სცადა. შეჰზადე მარცხდება, რადგან არაფერი რჩება მას სიცარიელის გარდა.

 

.

One response to “თვითიდენტიფიკაციის პრობლემა და ორჰან ფამუქის “შავი წიგნი””

  1. მარი აფხაიძე ავატარი
    მარი აფხაიძე

    ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი წიგნის შინაარსი ,მადლობა ავტორს,დღესდღეობით იშვიათია ასეთ მაღალ დონეზე დაწერილი ქართული სტატიები

დატოვე კომენტარი