ვიმ ვენდერსის “ცა ბერლინის თავზე” (1987)

ვიმ ვენდერსის ფილმში ანგელოზები სამყაროს შავ-თეთრად ხედავენ და ადამიანად გადაქცევაზე ოცნებობენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების სამყაროში ბევრი ტკივილი, უსიამოვნო ფიქრი და სიკვდილისადმი ლტოლვაა, ანგელოზების მარადიული ყოველდღიურობა უსახური და მოსაწყენი ჩანს. ერთი შეხედვით, “ცა ბერლინის თავზე”  ანგელოზის მიერ ადამიანად ტრანსფორმაციის პროცესზეა, თუმცა ამავე დროს, ეს არის ამბავი საკუთარი თავისგან გაუცხოებულ, მარტოსულ ადამიანებზე,  რომლებსაც სიყვარულის სურვილი აბრუნებს სიცოცხლესთან.

აკი კაურისმაკის “ადამიანი წარსულის გარეშე” (2002)

კაურისმაკის ფილმი არის კაცზე, რომელსაც უცხო ქალაქში გაძარცვის მიზნით თავს ესხმიან, მახსოვრობას კარგავს და გონს მოსული ცხოვრებას თავიდან იწყებს. ეს არის პროცესი საკუთარი თავის ძიების, საკუთარი თავის დამკვიდრების და ამავე დროს –  არჩევანის გაკეთების.

რობერტო როსელინის “ევროპა ’51” (1952)

როსელინის ფილმში, “ევროპა 51” ინგრიდ ბერგმანი მდიდარი არისტოკრატი ქალის როლს ასრულებს, რომელსაც, შვილის თვითმკვლელობის შემდგომ, საკუთარი თავსა და ცხოვრების წესში ეჭვი შეაქვს. შვილისადმი დანაშაულის გრძნობა, ემპათიის უნარს უჩენს.  ამბავი სოციალურ “სიბრმავეზე”, კლასებს შორის განსხვავებაზე, სიკეთეზე, რომლის ხასიათი და ოდენობა განსაზღვრულია, ხოლო  უფრო მეტის გაკეთების, ან საკუთარი თავის შეცვლის სურვილი, ოჯახისგან აღიქმება როგორც სიგიჟე.

საბოლოო ჯამში, სამივე ფილმში სხვადასხვა დოზით მეტამორფოზაა, პირველ შემთხვევაში სიყვარული უბიძგებს ანგელოზიდან-ადამიანად გადაქცევისკენ,  კაურისმაკის ფილმში  ტრავმული დაზიანება, ხოლო როსელინის ფილმში- ტრაგედია.

კშიშტოფ კიშლოვსკის “ვერონიკას ორმაგი ცხოვრება” (1991)

ეს ფილმი ნახვის შემდგომ არასოდეს დაგავიწყდებათ, უფრო მეტიც, ის განცდაც გაგყვებათ, რაც ფილმის ნახვისას ჩნდება, ან გაგახსენდებათ, თუ მანამდე გიგრძვნიათ თავი მარტოდ სამყაროში,  განგიცდიათ სიყვარული ან გარდაცვალება იმისი, ვისაც არც კი იცნობდით. ფილმი არის სიცოცხლესა და სიკვდილზე, საკუთარი თავის ძიებასა და ამავე დროს წინასწარგანზრახულობაზე, რაც ასე ძალიან არ გვიყვარს სინამდვილეში ადამიანებს.

ანიეს ვარდას “კლეო ხუთიდან შვიდამდე” (1962)

ბედისწერის თემას მიყვება ჩვენი შემდეგი ფილმის, ანიეს ვარდას “კლეო ხუთიდან შვიდამდე” გმირის ისტორიაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ სიმსივნე სჭირს და სანამ საბოლოო პასუხს გაიგებს, პარიზის ქუჩებში დახეტიალობს საღამოს 5 საათიდან 7 საათამდე.

საინტერესოა, რომ ზოგ მომენტში, წინა პლანზე გამოდის როგორც წესი “დამუნჯებული”, კაფეში მყოფი ხალხი, მთავარი პერსონაჟის, და მისი ისტორიის ნაცვლად, ჩვენ ვისმენთ მათ დიალოგებს, ჩნდება ნარატივის სხვა ხაზები და ისევ ქრება. ჩვენთან ერთად თითქოს კლეოც უსმენს, და ის სამყარო, რომელიც აქამდე მხოლოდ საკუთარი თავით შემოიფარგლებოდა, იზრდება.

პარიზის ქუჩებში უსასრულოდ სიარული საკუთარ თავში მოგზაურობასაც გულისხმობს, სიკვდილის მოლოდინში კლეო საკუთარ თავს პოულობს და საბოლოო ჯამში, ისიც განიცდის მეტამორფოზას.

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” (2017)

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმის მთავარი გმირი, 52 წლის მანანა ოჯახიდან წასვლას გადაწყვეტს. მისი ოჯახი, როგორც ქართული ოჯახების უმრავლესობა სამი თაობიდან შედგება. მანანას ხმა დიდ ოჯახში დაკარგულია, საგულისხმოა, რომ სწორედ წასვლა განაპირობებს საკუთარი ხმის, საკუთარი თავისა და ოჯახის დაბრუნებას.

 

კენ ლოუჩის “კეს”(1969)

ამბავი მოზარდ ბიჭზე, რომლის ბედიც, იმ ძალადობრივ და უიმედო საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობს, უკვე გადაწყვეტილია. თუმცა, მის ცხოვრებაში ჩნდება შევარდენი, რომელსაც ის წვრთნის, უვლის და უფრთხილდება. საბოლოოდ, ბიჭის თვალსაწიერი იზრდება, შევარდენი მასსავით მოურჯულებელი და თავისუფლების მოყვარული, სიმბოლოა იმის, რომ ბილი კასპერმა თავი უნდა დააღწიოს თავის ცხოვრებას.

ლუკ და ჟან-პიერ დარდენების “როზეტა” (1999)

როზეტამ საკუთარი ცხოვრება უნდა შეცვალოს, თავი უნდა დააღწიოს ალკოჰოლიკ დედას. ამისთვის, მას მიზნად დაუსახავს სამსახურის დაწყება, როზეტას  ამბავი ბილი კასპერის მსგავსად, არის ბრძოლა თავისუფლებისადმი. ძილის წინ, იავნანის ნაცვლად, როზეტა საკუთარ თავს უმეორებს:  “შენ გქვია როზეტა. მე მქვია როზეტა. შენ იპოვე სამსახური. მე ვიპოვე სამსახური. შენ გყავს მეგობარი. მე მყავს მეგობარი. შენ გაქვს ნორმალური ცხოვრება. მე მაქვს ნორმალური ცხოვრება.”

სამსახური როზეტასთვის სიმბოლოა ნორმალური ცხოვრების, საკუთარი თავი დამკვიდრების.

ერმანო ოლმის “Il Posto” (1961)

ერმანო ოლმის ფილმი არის დომენიკოზე, რომელმაც ოჯახის მოლოდინის შესაბამისად, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახური უნდა დაიწყოს დიდ კორპორაციაში და საზოგადოებაში თავი დაიმკვიდროს. შეიძლება ითქვას,  მთელი მისი ცხოვრება იყო შემზადება იმისთვის, რომ დომენიკოს ეს სამსახური დაეწყო. საინტერესოა, დომენიკოს  პერსონაჟი კორპორაციის ხელმძღვანელის კაბინეტში, სადაც ის შესამჩნევად პატარა სკამიდან  შეშინებული იყურება. აქ ხომ მისი ბედი წყდება.

ეს ფილმი უნივერსალურია ყველა ახალგაზრდისთვის, რომელიც დიდ კორპორაციასა თუ უწყებაში იწყებს სამსახურს, პროცესი იმისა, თუ როგორ იკარგება ნელ-ნელა იმედები და ინდივიდუალიზმი.

დატოვე კომენტარი