რამდენიმე წლის შემდეგ, თავიდან ვნახე კიშლოვსკის ,,ვერონიკას ორმაგი ცხოვრება”. ბლოგებს აღარ ვწერთ, აღარც გვჭირდება ალბათ, თუმცა მომინდა, ეს მოგონება შემენახა.

ვერონიკა მარიონეტია, უფრო სწორედ ერთ-ერთი მათგანი. მას ალექსანდრე მაშინ უყვარდება, როცა ხედავს, როგორ მართავს ის თოჯინებს. ბედნიერებას კი მაშინ პოულობს, როცა მის „თასმებში“ თავადაც გაებმება. შესაძლოა, ეს ბედთან შეგუებას ნიშნავს, იმის გაცნობიერებას, რომ თავისუფალი არჩევანი, რეალურად, არ არსებობს.

ფილმი საოცრად ლამაზია, სპექტაკლივით, თავისი მკვეთრი სცენური განათებებით. პირველი ის ვერონიკა კვდება, რომელიც უფრო ადრე მიხვდება, რომ მარტო არ არის, ის, ვინც ქუჩაში საკუთარ ასლს შეხვდება. მიუხედავად ამისა, ის შეგუებაზე უარს ამბობს და სიმღერას აგრძელებს.

ვერონიკა, რომელიც ხელოვნებაში კვდება, მოკლებულია სიყვარულსა და ჩვეულებრივ ადამიანურ ყოფას, ხელოვნებაში უნდა მოკვდე, ხოლო თუ სიცოცხლეს აპირებ, მას უნდა გაეშვა. ვინაიდან, ხელოვნება უფრო სინამდვილეა, ვიდრე თავად ცხოვრება. სცენა მხოლოდ იმის აღიარება და დადასტურებაა, რაც ბუნებით ისედაც ასეა: ყველაფერი თამაშია.

დატოვე კომენტარი