რამოდენიმე დღის წინ, ჩემს უბანში ასეთ ამბავს შევესწარი, საღამო ხანს, ბავშვებმა სკვერთან აღმოაჩინეს ერთი დაბნეული ბაბუ, რომელიც ვერ აგნებდა გზას შინისაკენ, ჰქონდა მეხსიერების და მხედველობის პრობლემა, მოკლედ ვერ იხსენებდა თუ სად იყო, საიდან მოვიდა, რატომ მოვიდა, და თუ ჰყავდა ვინმე საერთოდ.

    გამოიძახეს პატრული, რომელმაც ძლივს მოაგნო ქუჩას ნახევარ საათის შემდეგ, ცოტახანში მეორე პატრულის მანქანაც მოყვა. ჩაატარეს ჩხრეკა, ადგილზევე დაკითხეს ბაბუ, ფოტოს საშუალებით გაარკვიეს სახელი, გვარი, მისამართი, სადღაც ვაზისუბნის დასახლებაში, ჩასვეს მანქანის უკანა სავარძელში (ბაბუს სიარულიც უჭირდა) , ჩასხდნენ თვითონაც, და ის ის იყო, უნდა დაეძრათ მანქანა რომ იქვე მდგარი კორპუსის მცხოვრებმა ქალბატონმა მიირბინა, სად მიგყავთ ეგ კაცი, ჩემი მეზობელია, ამ კორპუსში ცხოვრობს, ამა და ამ სადარბაზოში, სართულზე და ბინაშიო…

   ბაბუ მარტოხელა აღმოჩნდა, მისამართი კი, რომელიც პატრულის თანამშრომლებმა დაადგინეს ძველი.  იჯდა საყვარლად, სანამ არ გადმოყვანეს ისევ “კომფორტული” მანქანიდან და სვენებ–სვენებით, ნელ–ნელა არ აიყვანეს  შინ.
 
   ასეა თუ ისე, წარმოიდგინეთ ის ოჯახი, რომელსაც პატრულის თანამშრომლები ბაბუსთან ერთად მიადგებოდნენ.

კარზე კაკუნი, აღებთ და:

– უკაცრავად, ეს ბაბუ თქვენია?

   საინტერესოა, უარის შემთხვევაში ისევ უკან ჩამოიყვანდნენ ჩემს უბანში, თუ კათარზისში გააქანებდნენ.მომკითხავი მაინც არავინ იქნებოდა, ცნობისმოყვარე მეზობლების გარდა.

  ამ ამბის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მკითხა, სახელმწიფო ასეთ მარტოხელა მოხუცებს მეურვეებს რატომ არ უნიშნავს, საბოლოოდ მათი ბინები ხომ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებაო.

მოკლედ მეგობრებო, თუ ერთ მშვენიერ დღეს, პატრულმა უცნობი ბაბუ ან ბებო მოგაყენათ კარზე,  არ გაგიკვირდეთ.

 

2 კომენტარი, ჩანაწერი: “Lapsus memoriae ანუ "უკაცრავად, ეს ბაბუ თქვენია?!"”

  1. ჩემთან მოიყვანონ არ არის პრობლემა 🙂

  2. ეგ დაბნეული ბაბუ კი არა ცეერუს აგენტი იქნებოდა. 🙂

Leave a reply to Gigoli კომენტარის გაუქმება