რჩევა 1 არ წაიკითხოთ ეს წიგნი შესაბამისი განწყობის გარეშე.
რჩევა 2 არ წაიკითხოთ თუკი გაციების ან ფილტვების ანთების სიმპტომები აღგენიშნებათ.
ალბერ კამიუს რომანი „შავი ჭირი“(1948) ალჟირის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ორანში მძვინვარე ეპიდემიას მოგვითხრობს. კარანტინის გამოცხადებით ის გარესამყაროს წყდება და მისი მცხოვრებნი ქალაქის კედლებში იძულებით ტუსაღდებიან. ორანში მართლაც ძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია, თუმცა ასი წლით ადრე, 1840 წლებში, ხოლო მწერალმა დაათარიღა 1940–იანი წლებით, როდესაც მთელი ევროპა მოიცვა ომმა, ხოლო საფრანგეთი ოკუპირებულ იქნა ფაშისტური გერმანიის მიერ. შავ ჭირთან ბრძოლა სწორედ ამ ისტორიული მოვლენების ალეგორიაა და ეპიდემიაც სიმბოლიზირებული გამოსახულებაა ფაშიზმისა, ბოროტებისა, რომელსაც არ აქვს გამართლება. უამრავი პარალელი თუ მეტაფორა მოიძებნება რომანში ამის დასადასტურებლად, ასევე მთხრობელის, ექიმი რიეს სიტყვები: „ომი დიდხანს ვერ გასტანს, ეს ხომ აშკარა სისულელეა, ეჭვი არაა, რომ ომი მართლაც დიდი სისულელეა, მაგრამ ეს არ აფერხებს მის მსვლელობას. სისულელე მუდამ გამძლეა, ეს ადვილი შესამჩნევი იქნებოდა, ადამიანი ყოველთვის თავის თავზე რომ არ ფიქრობდეს.“
კამიუ აღწერს ორანელთა მერკანტილური ცხოვრების წესს, უშინარსოობასა და გულგრილობაში გადასულ უდარდელობას. „არის ისეთი ქალაქები და ქვეყნები, რომელთა მკვიდრთაც დროდადრო მოულოდნელად აღეძვრებათ ხოლმე ეჭვი, ეგებ სხვა რამეც არსებობსო. კაცმა რომ თქვას, ეს დაეჭვება მათ ცხოვრებას არ ცვლის, მაგრამ ეჭვი ხომ აღეძრათ და ესეც საქმეა.“
ორანში კი „ ავადმყოფი მეტად გრძნობს მარტოობას“, რადგან „გასაგებია, რარიგ მოუხერხებელია სიკვდილი, თუნდაც სავსებით თანამედროვე, როცა ადამიანს ასეთ გულქვა გარემოში ეწვევა. “
მოგვიანებით თავს დამტყდარი უბედურება კი აღიქმება „თითქოს დედამიწა, რომელზედაც ჩვენი სახლები იყვნენ ჩარიგებულნი, თავისუფლდებოდა მის წიაღში დაგროვილი სიბილწისაგან და ზედაპირზე ჩნდებოდა წყლულები, საიდანაც მოედინებოდა ჩირქი, რომელიც მანამდე შეუმჩნევლად ალპობდა მას“
ყველაფერი ერთი მკვდარი ვირთხის აღმოჩენით იწყება, რომელსაც უბრალოდ ფეხს გაკრავენ და გადააგდებენ. მხოლოდ მაშინ შეშფოთდება ქალაქი, როდესაც ასობით ვირთხის გვამი მოეფინება ქუჩებს და მათი ცხვირის ნესტოებს ლეშის სუნი შეაწუხებთ. ასევე ხდება მაშინაც, როდესაც ეპიდემია ადამინებზე გადადის. მხოლოდ რაოდენობითი ზრდა იწვევს შიშს. „მაგრამ რა არის მილიონი კაცის სიკვდილი? ომგამოვლილსაც კი გიჭირს თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილის წარმოდგენა, და ვინაიდან ადამიანის სიკვდილის მხოლოდ მაშინ გზაფრავს, როდესაც მას უშუალოდ ხედავ. ისტორიის მანძილზე გაფანტული ასი მილიონი გვამი კვამლით იფანტება წარმოსახვაში.”
რომანის ერთ–ერთი პერსონაჟი, იეზუიტი მამა პანელუ ქადაგებს შავი ჭირის ღვთაებრივ წარმოშობას და მრევლს მიმართავს სიტყვებით „ ძმებო, უბედურება გეწვიათ, თქვენ. ეს დაიმსახურეთ, ძმებო!” მოგვიანებით, როდესაც თავისი თვალით იხილავს მომაკვდავ ბიჭუნას, რომელიც ტანჯვით ებრძვის სიკვდილს, შეერყევა ეს რწმენა.
რომანში დაწვრილებითაა აღწერილი ქალაქის ხელისუფალთა მუშაობა ეპიდემიის წინააღმდეგ. მთავარი სირთულე, რომელიც მათ წინაშე წარმოიშვა ეს იყო ეპიდემიის აღიარება, ისევე როგორც ომისა, თავის დროზე, ოფიციალურად აღიარების შემთხვევაში ულმობელი ზომების მიღების აუცილებლობისაგან თავის არიდება, რადგან “ხელისუფლება მზად იყო ბევრი რამ ენაცვალა საზოგადოებრივი აზრის სიმშვიდეს.”
ორანის დახურულ ქალაქად გამოცხადების შემდეგ ბევრი რამ იცვლება. მცხოვრებთა ნაწილი გაქცევას ცდილობს, ისევე როგორც ვირთხები, გემის ჩაძირვისას. მეორე ნაწილი წინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გასტანს კარანტინი. გაურკვევლობა შეცვალა შიშმა და სინანულმა, მათ დაიწყეს “უმაქნისად ქცეული მეხსიერებით ცხოვრება“. ეპიდემია, რომელმაც ერთის მხრივ ერთმანეთს დააშორა ადამიანები, ხოლო საერთო უბედურების განცდამ დააკავშირა.
მოლოდინი ეპიდემიის ჩაცხრომისა ჰგავს ომის დასრულების იმედს, კამიუ ერთ პერსონაჟს ათქმევინებს, შავი ჭირის მთავარი არსი განმეორებითობა, ხოლო ისინი, ვინც მას ებრძვიან, აბსტრაქციის ტყვეობაში იმყოფებიანო. ეს არის გამოხატულება კამიუს აბსურდის ფილოსოფიისა.
პერფექციონისტი გრანი, ჩვეულებრივი წვრილი მოხელე, რომელიც მერიაში ჯდომის და სტატისტიკების შედგენის შემდეგ, ოთახში იკეტება და დარჩენილ დროს, სიტყვების ძებნას უძღვნის, სურვილით შექმნას ისეთი ნაწარმოები, რომლის წაკითხვის შემდეგ, იტყვიან: ” ქუდი მოიხადეთ, მოწიწებით, ბატონებო!” საბოლოოდ, წლებია ერთ ფრაზასაა შეჭიდული, რომელსაც ჭირის შეყრისას ცეცხლში წვავს, მაგრამ ხდება მისი მოულოდნელი გამოჯანრთელება, აღდგომა და ყველაფერს თავიდან იწყებს. ისევ განმეორებითობა. კოტარი, რომელიც მშვენივრად გრძნობს თავს ეპიდემიის პირობებში და მისი დასრულები შემდეგ, გიჟდება. რამბერი, რომელიც ბოლო წუთს, უარს ამბობს ქალაქის დატოვებაზე და ჟან ტარუ, რომელიც იქცევა “მემატიანად იმისა, რასაც ისტორია არ გააჩნია”, ოცნებობს სულიერი სიმშვიდის მოპოვებასა და უღმერთოდ წმინდანად გახდომაზე. ქალაქი მართალია, უბრუნდება ადრინდელ ცხოვრებას თუმცა რომანი სრულდება სიტყვებით “შავი ჭირის ბაცილა არასოდეს კვდება და არც არასოდეს ქრება”
და ბოლოს, “რა არის შავი ჭირი, ეს არის ცხოვრება და მეტი არაფერი’



დატოვე კომენტარი