ჰარუკი მურაკამის „ნადირობა ცხვარზე“ არ წარმოადგენს ტრადიციულ იაპონურ რომანს, კობო აბეს, იუკიო მიშიმას, ან ნობელიანტი იაპონელი მწერლის იასუნარ კავაბატას მსგავსად. მურაკამის სტილი და წარმოსახვა უფრო ჰგავს კურტ ვონეგუტის, რეიმონდ კარვერის და ჯონ ირვინგისას. მითუმეტეს, რომ მან ბევრი ამერიკელი მწერლის ნაწარმოები თარგმნა იაპონურად და შესაძლოა მათი გავლენა განიცადა. ამ რომანში ვერ იპოვით კიმონოს, მის ნაცვლად, იაპონელი სტუდენტები ლევისის ჯინსებს ატარებენ, შესაბამისად, უამრავი მინიშნებაა იაპონური კულტურაში მიმდინარე ცვლილების შესახებ, განიცადა რა მეოცე საუკუნეში დასავლური კულტურის ძლიერი გავლენა ახალი თაობის მეშვეობით. 60იანი წლების იაპონელი ახალგაზრდები დედამიწის მეორე მხარეს მცხოვრები მათი თანატოლების მსგავსად როკ-ბარებში ატარებდენ უმეტეს დროს, სადაც თავიანთი იდენტობის ძიებაში იყვნენ, ისინი ერთობოდნენ სმით, მოწევითა და შემთხვევითი სექსით. მურაკამი აღწერს მათთვის დამახასიათებელ მარტოობას, სასოწარკვეთილებას, გადაწყვეტილების მიღების უუნარობას და ინერტული ცხოვრების წესს.
სიუჟეტი ვითარდება იაპონიაში, ეს არის ისტორია საშუალო იაპონელისა, რომელიც მოწილეა პატარა საგამომცემლო-მთარგმნელობითი ფირმისა, მას უყვარდება იდეალური ყურების მქონე ქალი.
ერთხელ მთავარ პერსონაჟს სტუმრობს უცნაური კაცი ლამაზი ხელებით, რომელიც თანაშემწედ მუშაობს საიდუმლოებით მოცულ მემარჯვენე პოლიტიკოსთან, ეს უკანასკნელი კვდება გოლფის ბურთის ოდენა კისტით თავის ტვინის არეში და მისი გადარჩენა მხოლოდ ერთ ცხვარს შეუძლია. ძველი ფოტოს დახმარებით, სადაც გამოსახულია ეს ცხვარი ფარასთან ერთად, თანაშემწე ავალებს იპოვოს ის, ერთადერთი თვისება, რომლითაც სხვა ცხვრებისგან მისი გარჩევა შეუძლია, არის ზურგზე ვარსკვლავის გამოსახულება. მთხრობელი, რომლის სახელსაც საბოლოოდ ვერ ვიგებთ, იძულებულია თავის საყვარელ ქალთან ერთად გაემგზავროს ჰოკაიდოს მთებში ცხვრის მოსაძებნად.

ჩინურ ბუდისტურ ტრადიციაში ვერძი, როგორც ამბობდნენ წინ უსწრებდა ბუდას, სიდჰარტა გაუტამას დაბადებას. ტიბეტში ახალ წელს, ცხვარი სიმბოლურად განასახიერებს წინა წლის შეცდომებს, და სწირავენ მსხვერპლად, თუმცა ეს უფრო შამანური რელიგიიდან შემორჩენილი რიტუალია. ასევე შამანური რწმენით, ცხვარმა შეიძლება ადამიანს უბიძგოს ცოდვების ჩადენისკენ, ხოლო მის სხეულში შეიძლება დემონებისა და სხვა ბოროტი სხეულების ჩასახლება და დამწყვდევა, შემდგომ მათი განდევნისათვის.
არსებობს ტიბეტური გამონათქვამი „ჯობია იცხოვრო ერთი დღით, როგორც ვეფხვმა, ვიდრე ათასი წელი, როგორც ცხვარმა.
რომანის ბოლოს ვიგებთ, რომ ვირთხა, მთხრობელის მეგობარი იქცა ცხვრად, მან ნაწილობრივ დაკარგა თავისი ადამიანური სახე, და იქცა თავის სიცოცხლეშივე სხვა არსებად, და არა ბუდისტური რწმენის შესაბამისად, სიკვდილის შემდეგ.
რომანი ნარევია დეტექტივის, მითის, ფანტაზიისა და ფილოსოფიისა, მასში უამრავი ალეგორია და სიმბოლოა, თავად ცხვარიც, ერთის მხრივ, გაგებულ იქნას, როგორც მთლიანად იაპონია ომის შემდგომ, ხოლო მეორეს მხრივ, თავად პროტაგონისტი, რომელიც ეძებს თავის დანიშნულებას ამ სამყაროში, ცდილობს გაერკვეს თავის ემოციებში და მიაგნოს თავის ნახევარს, ანუ მეორე მეს. შესაბამისად ის მოგზაურობს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, მითუმეტეს, რომ ჰოკაიდო იაპონელთათვის წმინდა მთაა.
Leave a reply to Salomeaa კომენტარის გაუქმება