იუჯინ ონილი, ცნობილი დრამატურგი, 1936 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში და პულიცერის პრემიის მფლობელია, დაიბადა ირლანდიური წარმოშობის პოპულარული ამერიკელი მსახიობის ოჯახში, ადრეულ ასაკშივე გადაწყვიტა დრამატურგობა, თუმცა თეორიული განათლების მიღებამდე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. მისი პიესების უმრავლესობა ავტობიოგრაფიულია, არც არის გასაკვირი, ის არ თაკალობდა არავითარ სამუშაოს , ხეტიალობდა, იყო უბრალო მეზღვაური, წვრილი ვაჭარი, პროვინციულ გაზეთის რეპორტიორი, ნახევარი წელი სანატორიუმშიც კი გაატარა ტუბერკულოზისგან განსაკურნად, გამოჯანმრთელების შემდეგ სწავლა გააგრძელა ჰარვარდის უნივერსიტეტში.
“გრძელი დღე იქცევა ღამე” ოთხმოქმედებიანი პიესაა, ტაირონების შესახებ. მოქმედება მიმდინარეობს ოჯახის უფროსის, ჯეიმზ ტაირონის საზაფხულო სახლში, 1912 წლის აგვისტოში. ონილმა თავისი ცხოვრებიდან აიღო თითქმის ყველაფერი, სახლი, სადაც გაატარა ბავშვობა კონეკტიკუტის შტატში, ახალ ლონდონში, ოჯახის წევრები, მათი ხასიათები, თავისი ახალგაზრდობა, შეცვლილია მხოლოდ სახელები.

ტაირონების ოჯახში ყოველთვის ჩხუბი და აყალმაყალია, ეს ყოველივე მიმდინარეობს განგაშის ზარის ფონზე, რაც უფრო მეტ ისტერიულ გარემოს ქმნის. ოჯახის დიასახლისის, მერის ხელების ნერვიული კანკალის მსგავსად. მათი ოჯახის ტრაგედიის გარეგნული მიზეზი ერთის მხრივ წარუმატებლობა, ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკებია, მეორეს მხრივ, მისი წევრების განსხვავებული ოცნებებს, ღირებულებებსა და სურვილებს შორის გამუდმებული ბრძოლა. კონფლიქტი მამასა და შვილებს, ცოლსა და ქმარს, და ძმებს შორის იმდენი კუთხითაა დანახული, რომ იქმნება საერთო სურათი, როგორ ირღვევა ოჯახი, როგორც ერთიანი და მთლიანი ინსტიტუტი.
მამა self-mad man-ია, ახდენილი ამერიკული ოცნების პროდუქტი, ის თავისი ძალისხმევითა და ნიჭით თავს აღწევს სიღარიბესა და შიმშილს, თუმცა ყოველთვის ღრღნის უკან დაბრუნების ეჭვი, პანიკურად ეშინია გაღატაკებისა და სიცოცხლის უსახლკაროთა თავშესაფარში დასრულების. ამის გამო გამუდმებით ძუნწობს, უარს ამბობს წარმატებულ მსახიობის კარიერაზე, შემოქმედებით მუშაობაზე და ერთვება ვაჭრობასა და სპეკულაციებში, ბოლოს ავიწყდება კიდეც, რაზე ოცნებობდა ან სურდა ახალგაზრდობაში.
შეიძლება იმიტომ, რომ მას არ ესმის თავისი ვაჟების, იმ ლტიერატურის, რომელსაც ისინი ეცნობიან, ის გამუდმებით ციტირებს შექსპირს და თავს მეფე ლირთან აიგივებს, აღარ სჯერა მათი მომავლის. ოჯახის სამივე მამაკაცი ალკოჰოლში პოულობს შვებას, ხოლო დედა ნარკოტიკებს ეძალება.
პიესის მნიშვნელოვანი სიმბოლოა ნისლი, როგორც რეალურობისგან გაქცევის მცდელობა და სასტიკი სინამდვილის უარყოფა, მეორე სიმბოლოა განგაშის ზარი, რომელიც, მერის სიტყვებით, “არასოდეს გავიწყებს თავს, გამუდმებით გიხმობს თავისკენ”.
დატოვე კომენტარი