ბნელ ათწლეულში დავიბადე და ყველაზე ნაკლებად სიბნელის მეშინოდა, უფრო მეტიც, მახსოვს პირველი კოშმარი, რომელიც ალბათ სიკვდილის გაცნობიერების განცდასთან ერთად დაიბადა. სინათლის გადამცემი ბოძები ფეხს იდგამენ და ჩემი ფანჯრისკენ მოდიან, მე სიზმარშივე ვპოულობ გამოსავალს, ჯიბიდან ვიღებ დასაძინებელ აბს და მეორედ ვიძინებ, სანამ ფანჯარას საცეცებისმაგვარი სადენებით აღებენ და ოთახში იხედებიან.
ადამიანებზე უფრო ახლოს ჩემთან იყვნენ აწოწილი რუხი კორპუსები, რომლებიც ბინის ყველა ფანრჯიდან ჩანდა. მხოლოდ ღამით ვხედავდი მათში მცხოვრებლებს, სინათლის მოსვლასთან ერთად, როცა ფანჯრებში ადამიანთა სილუეტები გაიელვებდნენ. ცოტათი არც მჯეროდა მათი რეალურად არსებობის, უფრო ბუტაფორიებად აღვიქვამდი…
შეიძლება, სწორედ ამიტომ დავიჯერე ადვილად ჩემი ძმის ტყუილი, რომელმაც მეორე ფობია გამიჩინა. მეზობლად ერთი მარტოხელა, ნაკლებად კონტაქტური და ჩვენთვის უცნაური ქალი ცხოვრობდა, ჩემმა ძმამ თითქოს საიდუმლოდ გამიმხილა რკინებს ჭამსო, მას შემდეგ დიდხანს და ხშირად ვფიქრობდი რკინისჭამია ადამიანებზე, რომლებიც ჩემი ღრმა რწმენით ისევე გემრიელად შეექცეოდნენ კოვზებსა და ძველ ველოსიპედებს, როგორც მე ბრინჯის ფაფასა და ახალგამომცხვარ პურს, თუმცა ბრინჯის ფაფისკენ ნაკლებად მიმდიოდა გული. ახლა ვფიქრობ, რომ ეს იყო შიში ზოგადად „სხვანაირი“ ადამიანების მიმართ.
ეს შიში გამყვებოდა კიდევ დიდხანს, რომ არა ერთი პატარა შემთხვევა, თავი რომ მეც „ბანაკს გარეთ“ მაგრძნობინა. საკმაოდ გვიან მოვინათლე, ჩემი პირადი ნება-სურვილით. უფრო ადრე კი, მონათვლამდე, ეკლესიაში წავედით, ვიღაც ქალებმა დედაჩემს უთხრეს, მოუნათლავის ტაძარში შემოსვლა არ შეიძლებაო. არ ვიცი რამდენი წუთით დამტოვეს გარეთ მარტო, მგონი სხვა ბავშვიც იყო, ან შეიძლება გამოვიგონე თავი მეტისმეტად გარიყულად რომ არ მეგრძნო. მახსოვს, სულაც არ ვფიქრობდი ღმერთზე, არც რიტუალზე, რომელზე დასწრების ნებაც არ მომცეს, დიდად არ მწყენია და არც გამორჩეულად მიგრძვნია თავი, უბრალოდ ხის სკამზე ვიჯექი, ლურჯ ცას ვუყურებდი და ფეხებს ვიქნევდი.
„ხრუშჩოვკის“ ტიპის ბინაში გავიზარდე და ამიტომ არც ჩაკეტილი სივრცისადმი მქონია შიში, გარშემო ყველაფერი მონოტონურად ნაცრისფერი მახსოვს, ადამიანები, ცა, ჩვენი კორპუსები, მაღაზიის დახლიც კი. რაღაც უბედობით, ჩვენი ფერადი ფლომასტერები მალევე ფუჭდებოდნენ, ტელევიზორებს ფერები უხუნდებოდა, ჩვენს საწოლებზე თეთრ ზეწრებს აფარებდნენ, რომლებსაც მანამდე კარგად ხარშავდნენ და „აკრახმალებდნენ“. შიში, რომელიც მერე გაჩნდა, სხვადასხვა საგნებს, ფორმებსა და ფერებს უკავშირდება, სიმეტრიულობისა, კონტრასტულობისა და ჰარმონიულობის აღქმას.
შემდეგი ყველაზე ცხადი სიურრეალისტური კოშმარი პირველ ან მეორე კლასში ყოფნის დროს მოდის, ვდგავარ უსასრულო სივრცეში, ვხედავ უზარმაზარ ხუთიანს, გამოკვეთილად სამგანზომილებიანს, მის გვერდით ასანთის კოლოფისხელა ცხრიანს, ძალიან ცუდი შეგრძნება მაქვს, ზიზღის, გულისრევის, იმიტომ რომ უკვე ვიცი რომ ხუთიანი უფრო პატარა ციფრია ვიდრე ცხრიანი… შემდეგ ვხედავ უზარმაზარ რკინის შავ კუბს, გვერდით თმის ღერს, ნელ-ნელა ვაცნობიერებ რომ სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი ზომა და ფორმა, თუმცა ეს არ განაპირობებს საგნების შინაარსაა და მნიშვნელობას. მტკივნეული პროცესია.
არანაკლებ მტკივნეული პროცესი იყო სიჩუმის ატანა. ჩვენს პირველ მასწავლებელს, რომელსაც კლარა ერქვა და უკვე იმ ასაკის იყო, არათუ სხვისი, საკუთარი შვილიშვილების ხმაური რომ აღიზიანებთ, ერთი საყვარელი თამაში ჰქონდა სპეციალურად ჩვენთვის, რომელსაც ყოველდღე გვათამაშებდა და ამით, მისივე თქმით, წესრიგსა და მშვიდად ყოფნას გვაჩვევდა. ამ მარტივ და ერთი შეხედვით უწყინარ თამაშს „სიჩუმის მეფე“ ერქვა, ყველაზე მეტად თავშეკავებული, პედანტურად მოწესრიგებული და თოჯინასავით გაშეშებული მოსწავლე გამოდის დაფასთან, კარგად აკვირდება დარჩენილ მოსწავლეებს და მათ შორის ასევე ყველაზე წყნარს, მოწესრიგებულსა და გაშეშებულს ირჩევს შემდეგ გამომსვლელად. თავის დაღწევის ერთადერთი გზა ამ პატარა დიქტატორული რეჟიმიდან სანიმუშო მოსწავლის როლის მორგება და დროებით სიჩუმის „მეფედ“ ქცევა იყო… შეიძლება საბოლოოდ ზოგ ბავშვზე მართლაც დადებითად იმოქმედა, მაგრამ მე ზედმეტი პედანტიზმისა და სიჩუმის მიმართ ზიზღისა და შიშის გრძნობა გამიჩინა.
ჩემი ბავშვობის ფობიებზე ხშირად ვფიქრობ, არცაა გასაკვირი, ისინი არსად წასულან, პირობითად ვუწოდებ ბავშვობის დროინდელს. არ გამოვრიცხავ, შეიძლება გაქრეს, შედარებით სუსტი და გონებაში დაუსაბუთებელი შიში, მაგრამ აუცილებლად ამოიზრდება მის ადგილას სხვა, რომელსაც ჩვენვე გულუხვად გამოვკვებავთ და გავაძლიერებთ.
დაიწერა ლიტერატურული კონკურსისთვის “ინსომნია”
Leave a reply to litartblog კომენტარის გაუქმება