
არსებობენ წიგნები, რომელთა წაკითხვაც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას თავისუფლად შეიძლება. ასევე, არსებობენ წიგნები, რომლებსაც უნდა მიწვდე, თუნდაც ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ თაროზე იდოს. წიგნები, რომელთა სახელები ვიცით, რომელთა არწაკითხვაც გვესირცხვილება, მაგრამ ამავე დროს, გვაშინებენ. გვაშინებენ ისევ და ისევ ინტელექტუალური ამპარტავნების, ანუ სწორად ვერ გაგების, აღქმის გამო და არა, იმ კონტექსტით, რითაც ეკო იყენებს ამ ორ სიტყვას რომანში.
სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში გაგონილი, წიგნები ადამიანის მეგობრები არიანო, ყოველთვის ეჭვს იწვევდა ჩემში. ყველა წაკითხული წიგნი არ ყოფილა ჩემი მეგობარი, იშვიათად თუ შემყვარებია წიგნის პერსონაჟი, და მითუმეტეს, მთხრობელი. რადგან მთხრობელისადმი სიყვარული რაღაცით, ეგოიზმსაც ჰგავს, იყურები მის სამყაროში მისი თვალებით, გრძნობ იმასვე, რასაც ის გრძნობს. თუმცა, ყველაზე ცუდი წიგნი ის არის, რომელიც უბრალოდ გიყვება ამბავს.
„ვარდის სახელი“ ეს არის წიგნი, რომელიც შეიძლება რამდენიმენაირად წაიკითხო. როგორც დეტექტივი, ან შუა საუკუნეების საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ისტორიული მიმოხილვა, თეოლოგიური, თუ ფილოსოფიური კუთხით, თუნდაც ვინმე ბერი ადსოს თავგადასავალი, მაგრამ ეს არის შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვას მკითხველმა, რადგან რომელიმე ერთი მიმართულების არჩევით ის აღმოჩნდება მორევში, რომლისგანაც თავის დაღწევაც, წაკითხვის მერეც, საკმაოდ რთულია. უპირველეს ყოვლისა, ეს რჩევა მათთვის, ვინც რელიგიური და ფილოსოფიური კითხვები გაუჩნდება. უნდა გვახსოვდეს, რომ „ვარდის სახელი“ ეს არის წიგნი წიგნების შესახებ, და მისი პერსონაჟები სხვადასხვა ფილოსოფოსების, რელიგიური პიროვნებებისა და მოღვაწეების ენით მეტყველებენ.
სამყარო, რომელიც ეკომ შექმნა, სულაც არ არის ფოლკნერის იოკნაპატოფასავით უპრეტენზიო, მონასტერში, სადაც სიუჟეტი ვითარდება, მთელი ეპოქის სული ტრიალებს და მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება. ძალაუფლებისადმი ბრძოლა, ჭეშმარიტების დადგენის სურვილი, ინკვიზიცია და უპოვარების თემა არასრული ჩამონათვალია.
ეკო რომანში შესვლას მთაში ლაშქრობას ადარებს, ეს ასეცაა, „ვარდის სახელის“ სამყაროში შესვლა ადვილი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია. პირველი ასი გვერდის გადალახვის შემდეგ უკვე ყველაფერი შედარებით მარტივია და ეკოს სამყაროს ხედებითაც ტკბები. აღმართების ადვილად ასავლელად ეკოს ირონია კი საუკეთესო საშუალებაა.
მაგალითისთვის კმარა ადგილი, სადაც ის ვრცელ ჩამონათვალს აკეთებს მონასტერში დაცულ წმინდანთა ნეკნების, ძვლის ნატეხების, კბილებისა თუ ტანსაცმლის ნაწილების. ან სულაც უილიამის შენიშვნა :“ წმინდა ჯვრის ნაწილები სხვა მონასტრებშიც მრავლად მინახავს და ყველა რომ ნამდვილი იყოს, ჩვენი მაცხოვრის ჯვარზე გასაკვრელად ორი ძელი კი არ ეყოფოდათ, მთელი ტყე უნდა გაეჩეხათ“
სიცილი და ირონია ერთ-ერთი ძირითადი თემაა რომანის. რა თქმა უნდა, ეკო სიცილის მომხრეა.
ბიბლიოთეკა, რომელიც მთელი სამყაროს იმ დროინდელ ცოდნას იტევს, დახშულია, ეს სიმბოლურია, რადგან ცოდნა არ იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის. სიმბოლურია ლაბირინთიც, რომელიც ბიბლიოთეკის ოთახებს აერთიანებს. უილიამი და ადსო წრეს არტყამენ ბიბლიოთეკას და ისე ხსნიან მის საიდუმლოს, მაშინ როცა იკარგებიან ბიბლიოთეკის ოთახებში და გასასვლელსაც ვერ აგნებენ. ეს ერთგვარად ობიექტურობისადმი მინიშნებაა, რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტება დაადგინო თუკი მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურები.
Leave a reply to mochkhubaridze კომენტარის გაუქმება